14 ივლისი 2020,   12:59
ვრცლად
ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრი, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია - პლენუმის სხდომა დაიწყო

ვინ დაიკავებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოსტს - უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრი უნდა აირჩიონ, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კანდიდატის ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პროცესის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. იმავე აზრზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი თავმჯდომარე პლენუმის სწორედ ის წევრი იქნება, რომელსაც დღეს აირჩევენ. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დასახელებას აპირებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი, რომელთა დიდი უმრავლესობაც პარლამენტმა შეარჩია მიკერძოებული, ფაქტობრივად, პოლიტიკური მოტივაციით ჩატარებული გასაუბრების და პროცედურების შესაბამისად. რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან, რომ განამტკიცონ საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური გავლენა, მით უმეტეს, რომ ვსაუბრობთ წევრზე, რომელიც, დიდი ალბათობით, გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი თავმჯდომარე,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის წევრებს. თუმცა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ მოსამართლის დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი მსჯელობისთვის მზად არის. 

"კონკრეტულ ვადებში უნდა მოხდეს მოსამართლის დანიშვნა. სავარაუდოდ, პლენუმი შეზღუდულია ვადებში და, აქედან გამომდინარე, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ დადგება საკითხი იმგვარად, რომ კანომდებლობა რაღაც ცვლილება განხორციელდეს, რათა ამ პროცესის მეტი საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი, ამის საწინააღმდეგო არავის გვექნება. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე და შესაბამისი ცვლილებებიც განვახორციელოთ,"-განაცხადა გიორგი კახიანმა. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება. მას შემდეგ, რაც ზაზა თავაძის შემცვლელის ვინაობა ცნობილი გახდება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები თავადვე აირჩევენ ხელმძღვანელს 5 წლის ვადით. 

დღის ამბები