13 ივლისი 2020,   09:43
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები განიხილეს

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა: ეს და სხვა საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს მასშტაბით ტურიზმის სფეროში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის შესახებაც ისაუბრეს.  

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.
"საქართველოში შვეიცარიის ელჩთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა. მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობა, პირდაპირი ავიარეისების ოპერირება  და უსაფრთხო დერეფნების შექმნა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საერთო პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია საქართველოში, საუბარი შედგა ტურიზმის საგანმანათლებლო პროექტების დანერგვაზე. ელჩმა გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორის მხარდასაჭერად ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელება შეიძლება."- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

"შვეიცარიასა და საქართველოს უამრავი საერთო აქვთ, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ტურიზმის სექტორში ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. განსაკუთრებით განათლების კუთხით და ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონებში, საგანმანათლებლო ტურიზმის სფეროში შვეიცარიული  ნოუ-ჰაუს დანერგვის შესახებ. რა თქმა უნდა  ვისაუბრეთ თუ როგორ ვუმკლავდებით კორონავირუსის კრიზისს. ერთმანეთს გავუზიარეთ  გამოცდილება და მოვახდინეთ იმ მიმართულებების იდენტიფიცირება, რის შესახებაც გვაქვს საერთო ინტერესები და  სამომავლოდ ვგეგმავთ თანამშრომლობას ტურიზმის მიმართულებით პოსტ კოვიდურ პერიოდში." - განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.

დღის ამბები