03 აგვისტო 2020,   16:34
ვრცლად
არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ხალხებს შორის შუღლის გაღვივება - მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი

რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე სუს-ში დაწყებული გამოძიება შეფასებების თემა ხდება ქვემო ქართლშიც. განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი სეიდ მირთაგ-ასადოვი და ის აქტივისტები, რომლებიც პანდემიის პერიოდში სოციალურ ქსელში  სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს აქტიურად აკრიტიკებდნენ.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის ეთნიკური შუღლი არ გაღვივდეს. 

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ თუ სუს-ის გამოძიება  აზერბაიჯანელი აქტივისტების მიმართ იქნება მიმართული, მაშინ ეს არადემოკრატიულობის მაჩვენებელი იქნება. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ჩემთვის სრულად ბუნდოვანი არის. არ ვიცით, რისი თქმა უნდათ და ვინ არის ის კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც შუღლს თესავენ, ამ შემთხვევაში ეს არ ჩანს კარგად. თუ არის ეს მიმართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე აზერბაიჯანელი აქტივისტების მიმართ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება არადემოკრატიული," - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.

"აუცილებელია ერთმანეთს პატივი ვცეთ, რაც შეეხება კითხვას, ვხედავ თუ არა ჩემს პასუხისმგებლობას სუსის განცხადებაში, არ ვთვლი, რომ ის მეც მეხება. არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ურთიერთობების გაფუჭება, ხალხებს შორის შუღლის გაღვივება. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობების გაფუჭება არ მოხდეს და აზერბაიჯანელსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა გაგრძელდეს.

ვფიქრობ, აუცილებელია ადამიანების ჯგუფმა განცხადების გაკეთების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს მის შინაარსს. მახსენდება განცხადებები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ კარანტინის პერიოდშიც," - განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა და თავმჯდომარემ მირთაგი ასადოვმა.

"კურიერის" ინფორმაციით, შესაძლოა რამდენიმე დღეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე დაკითხვები დაიწყოს.

სუს-ი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

კონკრეტულად თუ რა ფაქტებზე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე, უწყება ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. სუსში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება მომავალ კვირას.

ამავე თემაზე
დღის ამბები