03 აგვისტო 2020,   16:48
ვრცლად
კახეთი მწვანე ზონა აღარ არის - გაიზრდება თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა დედოფლისწყაროში

კახეთი მწვანე ზონა აღარ არის. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული დედოფლისწყაროში ცხოვრობს. მუშაობს სატვირთო ავტომობილის მძღოლად და საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებს.

დაინფიცირებული მძღოლი რუსეთიდან 22 მაისს დაბრუნდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მამაკაცის კონტაქტები გამოკვლეულია.

თბილისში დღეს 15 დადასტურებული შემთხვევაა, 30 ადამიანი საკარანტინო სივრცეში, 20-მდე კი - კოვიდტესტის პასუხის მოლოდინში. 

საბურთალოს კლასტერი დღეს კიდევ 4 შემთხვევით გაიზარდა. 4 ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, სირთულეები ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება პირველად და მეორად კონტაქტებს, მათი შესწავლა გრძელდება

თბილისის გარდა ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 24 საათში დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. 18 ახალი შემთხვევა. მათგან 17 სოფელ მუშევანის მკვიდრია, ერთი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ამ დრომდე ჩაკეტილ სოფელში შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს. შოთა რეხვიაშვილის თქმით, 29 მაისის მონაცემებით სულ 574 პაციენტის საკვლევი მასალა აიღეს, შედეგი კი სრულიად მოსალოდნელი იყო. შესაბამისად, პროცესები სპეციალისტების გათვლების შესაბამისად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტში საფრთხე სრულად აღმოიფხვრება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები მუშევანი და გეტა საქართველოს კოვიდ გავრცელების რუკაზე წითელ ზონებად რჩება. უკვე თითქმის თვეზე მეტია, ორივე მათგანი ჩაკეტილია და მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი. რაც შეეხება საბურთალოს კლასტერს - ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. გაფართოვდება თუ არა ინფიცირებულთა წრე, ეს უახლოესი 14 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

დღის ამბები