03 აგვისტო 2020,   16:26
ვრცლად
სამთვიანი პაუზის შემდეგ დედაქალაქში ხვალიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნება

პანდემიის გამო თითქმის სამი თვით დაპაუზებული სავაჭრო ობიექტები ხვალიდან იხსნება. დახურულ სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში აქტიური სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

დეზობარიერები, პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი - მომხმარებელთან ურთიერთობის აუცილებელი ატრიბუტები იქნება. შეიცვლება პროდუქციის გაყიდვის წესიც. მომხმარებელს ტანსაცმლის მორგება სახლში მოუწევს. დაბრუნების შემთხვევაში კი სამოსს საკარანტინო სივრცეებში გადაიტანენ.

მოლებთან ერთად პირველი ივნისიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც აღადგენენ. ღია ტიპის სავაჭრო ობიექტების შესასვლელებთან მოეწყობა სადეზინფექციო კუთხეები. როგორც ყველგან, პირბადე აქაც სავალდებულო ატრიბუტი იქნება. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები თვეების განმავლობაში მიღებულ სოლიდურ ზარალზე საუბრობენ, თუმცა იმედი აქვთ, რომ ფინანსური კრიზისის აღმოფხვრას ეტაპობრივად შეძლებენ.

ორშაბათიდან მუშაობას განაახლებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველა მაღაზია. იძულებითი პაუზის მიუხედავად, ბრენდული მაღაზიების ნაწილი ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება არ იგეგმება.

სავაჭრო ობიექტების პარალელურად, პირველი ივნისიდან სტუმრებს ღია სარესტორნო სივრცეებიც მოემსახურება. რესტორანში მისულ მომხმარებელს დისტანცირებული მაგიდები და ექვს ადამიანამდე შემცირებული განთავსების ლიმიტი დახვდებათ. სექტორის წარმომადგენლები ამის გამო გარკვეულ პროდუქტზე ფასების ზრდას არ გამორიცხავენ. 8 ივნისიდან რესტორნებს დახურული სივრცეების ათვისებაც შეეძლებათ. გარდა ამისა, მუშაობას დაიწყებენ სასტუმროებიც.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, დაპაუზებული ეკონომიკის ამოქმედება 6 ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. კონტროლირებადი ეპიდსიტუაციის გამო ვადები დაჩქარდა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა დასაშვები იქნება.

დღის ამბები