13 ივლისი 2020,   10:38
ვრცლად
ხმაური ლაგოდეხში - მოსახლეობა წყლის საფასურს და ხარისხს აპროტესტებს

ხმაური იყო ლაგოდეხში. ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის 2 საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

ადგილობრივების მოთხოვნა უცვლელია, ისინი სასმელ წყალზე მრიცხველების გაუქმებას მოითხოვდნენ და აცხადებენ, რომ წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება, სასმელად უვარგისია, ამის მიუხედავად კი, საფასურის გადახდა სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით უწევთ, რაც კომუნალურ ხარჯებს აორმაგებს.

ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა მათი განმარტება მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათი განცხადებით, მრიცხველების გაუქმება დებეტს შეამცირებს და წლის მიწოდება ვეღარ მოხდება.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს და ამის გამო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა.

ანალოგიური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ლაგოდეხის მოსახლეობამ აქცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ გამართა.

ცნობისთვის,ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რა დროსაც გაკეთდა ორი სათავე ნაგებობა, სამი ახალი ჭაბურღილი და 123  კილომეტრიანი წყლის სისტემა სრულად შეიცვალა.

დღის ამბები