09 ივლისი 2020,   15:29
ვრცლად
გარდაცვლილ პაციენტს, რომელსაც ინფექციის გარდა ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, ბოლოს კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა - ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID ინფექციით გარდაცვლილ პაციენტს სხვა ბევრი მძიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა. მისი თქმით, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაისის დასაწყისიდან მკურნალობდა და კლინიკაში მარნეულიდან გადმოიყვანეს. 

"ეს პაციენტი ჩვენთან მოყვანილი იქნა მაისის დასაწყისში, ის გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან, იყო პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე. კარგად უნდა გვახსოვდეს, ყოველდღე, როდესაც ჩვენ კომენტარებს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ კოვიდინფექცია ჰქონდა დადასტურებული, ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება და ჰქონდა ბევრი გართულება COVID ინფექციასთან ასოცირებული. ის დისტრეს სინდრომით და სეპტიური შოკით შემოვიდა კლინიკაში, ჩვენთან დაუდგინდა შემდგომში ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი, ამასთანავე იყო გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, იყო ინსულტი განვითარებული. ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია, დისტრესიის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდგომში კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა და გუშინ საღამოს გაჩერდა გული," - განაცხადა ლევან გოფიძემ.

ლევან გოფოძის თქმით, გარდაცვლილს ბოლოს პრეტესტირებით დაუდგინდა, რომ COVID ინფექცია აღარ ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზად სწორედ კორონავირუსი დასახელდა და ასეც აღირიცხა. გოფოძის თქმით, პაციენტს COVID-19-ის ფონზე სხვა მძიმე თანმხლები დაავადებების გართულება მოჰყვა. 

"ეს იყო საინტერესო, რომ არ უდასტურდებოდა ბოლოს პრეტესტირების შემდგომ, აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია PCR ტესტი, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ეს სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც განაპირობა კოვიდინფექციამ, რომელიც იყო ჩამრთველი მექანიზმი ყველა მისი თანმხლები დაავადებების დამძიმებისა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის მაინც კოვიდ გარდაცვალების რიგს განეკუთვნება, ამიტომაც აღირიცხა სწორედ კოვიდ გარდაცვალებული," - განაცხადა ლევან გოფოძემ.

გარდა ამისა, ლევან გოფოძე ამბობს, რომ კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 9 პაციენტია მოთავსებული, ასევე გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები