09 ივლისი 2020,   16:23
ვრცლად
რა პრინციპით გაიზრდება პენსია მომავალი წლიდან - კანონში შესატანი ცვლილებები ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

პენსია საკმარისი არასდროს რომ არის, ასეთ შეფასებებს ადამიანებისგან, ვისი შემოსავალიც მხოლოდ პენსიაა, ხშირად მოისმენთ. საზოგადოების ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის წევრებისთვის ეს ის თანხაა, რომელიც უნდა იმყოფინონ საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სხვა საჭიროებებზე.

გაიზრდება თუ არა პენსია? კითხვა, რომელიც პენსიონერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქტუალური რამდენიმე შემთხვევაში ხდება, მათ შორის, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს და არჩევნების წინ. ხშირად გაურკვეველია ისიც, რამდენით და რა პრინციპით მოხდება მატება. არის შემთხვევები, როდესაც წინასწარაა ცნობილი ზრდის გრაფიკი, თუმცა მატების პრინციპი ამ შემთხვევაშიც უცნობია.

ძველი სპონტანური პრაქტიკა კონკრეტული მექანიზმით იცვლება. პენსიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და დაამტკიცა. იქმნება ფორმულა, რომლის მიხედვითაც პენსიონერებს ზუსტად ეცოდინებათ, რა პრინციპით გაეზრდებათ ხშირ შემთხვევაში შემოსავლის ერთადერთი წყარო.

ხელისუფლების მიერ შემუშავებულ წესს უნდობლობას უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა". მმართველი გუნდის ოპონენტებს არც დაანგარიშების ფორმულა მოსწონთ და არც ხელისუფლების ოპტიმიზმს იზიარებენ. პენსიების ზრდის წესს იწუნებენ "ევროპულ საქართველოშიც". პარტიაში ამბობენ, რომ მთავრობის შეთავაზება პენსიონერების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ გააუმჯობესებს.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მთავარი მექანიზმის შემუშავებაა, რაც აქამდე არ არსებობდა. მმართველი გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ახალი წესი პენსიების ზრდის საკითხს აპოლიტიკურს გახდის.

2020 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოში 770 300 ასაკით პენსიონერია, მათი ყოველთვიური ანაზღაურება 220 ლარია. ივლისიდან, 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარიანი ზრდაა დაგეგმილი.

დღის ამბები