13 ივლისი 2020,   09:27
ვრცლად
სამოქალაქო სექტორის მოსაზრებით, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა უარესდება

არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა უარესდება.

საუბარია იმ წინადადებებზე, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან. ასევე ფრაქციის ფორმირება დამოუკიდებელ მაჟორიტარებსა და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებსაც ეკრძალებათ. ვიცესპიკერების რაოდენობა შემცირდება 9-დან 3-მდე. პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ.

ასევე, რეგლამენტის ცვლილების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს.

სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი უფრო ღრმა ცვლილებებს საჭიროებს და შესაბამისად, ისინი პარლამენტს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ.

"დიდი პრობლემა ექმნებათ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს და ასევე იმ პარტიებს, რომლებიც მცირე რაოდენობის დეპუტატებით შევლენ პარლამენტში. ამიტომ, ის დაბალი საპროცენტო ბარიერი, რასაც ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობს, ყველანაირ აზრს დაკარგავს, რადგან ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შექმნის პარტიას, თუ ის არჩევნებში 5%-ს მაინც არ მიიღებს. ასევე, რაც ყველაზე ცუდია, იკრძალება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან არჩეული დეპუტატების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა, ამ ჩანაწერს კი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს,"- აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია.

დღის ამბები