13 ივლისი 2020,   08:54
ვრცლად
აჭარაში ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, პოლიციასთან დაპირისპირებისას 9 პირი დააკავეს

აჭარაში პოლიციასთან დაპირისპირება 9 პირის  დაკავებით დასრულდა.

ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ორგანიზებულ აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო 9 პირი დააკავეს. 

ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც შეკრებილებმა სარფის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. მათ გონიო-სარფის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აქცია კი ბათუმში იუსტიციის სახლთან გაგრძელდა.

აქციის დროს ადგილზე იმყოფებოდ ლავასოღლის უფლებადამცველი, მისი შეფასებით, დღეს პოლიციამ მშვიდობიანი აქცია დაარბია. 

"გზის სავალი ნაწილი გათავისუფლებული იყო, შეფერხება კი ხალხის გამოა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით ისინი გზიდან გადაგვეყვანა, ზოგმა ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, ნაწილმა კი ეს გაფრთხილება მოგვიანებით მიიღო. მაგრამ ამისათვის არ იყო საჭირო არაპროპორციული ძალა გამოეყენებინათ," - აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის  "ჩვენი უფლებებისთვის" ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ის, რაც აქციაზე მოხდა, აჭარის პროკურორს უკავშირდება, რომელმაც ადამიანების კითხვებს პასუხი არ გასცა და დღემდე დუმილს ინარჩუნებს. 

"თუ აჭარის პროკურორი შეგვხვდებოდა, მაშინ ისიც არ მოხდებოდა, რაც იყო. ეს ყოველივე გამოიწვია იმან, რომ პროკურორმა არ გასცა პასუხი ადამიანებს. თუ კვლავ დუმილს გააგრძელებს, ეს კიდევ უფრო გამოიწვევს გაღიზიანებას," - აღნიშნავს თამაზ ბაკურიძე.

უკვე მე-5 დღეა მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აჭარის პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათგან 17 პირი შიმშილობს, 4-მა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. 

2016 წელს მინდია გორაძეს საქართველოს პროკურატურამ "კანონიერ ქურდობაში" დასდო ბრალი და იგი დააკავეს.

კრიმინალური ავტორიტეტი ლავასოღლი უკვე 15 თვეა, რაც თურქეთის ციხეშია. ის ქალაქ ტრაპზონში 2018 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. 

დღის ამბები