28 ნოემბერი 2020,   03:35
ვრცლად
რუსთავის მერის მოადგილის ცემის ფაქტი - დაკავებული ბექა თავაძე დუმილის უფლებას იყენებს

უძრავ ქონებაზე დავა, რომელიც რუსთავის მერის მოადგილეზე ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა - გოჩა ლორია, რომელიც მოქალაქემ სცემა, მედიასთან ისევ არ ჩნდება. უცნობია, რას ფიქრობს საჯარო მოხელე იმ დანაშაულზე, რომლის გამოც პოლიციამ 34 წლის ბექა თავაძე დააკავა. 

დაკავებული ამ დროისთვის რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ბექა თავაძეს მისი უფლებადამცველი შეხვდა. დაკავებული ამ დროისთვის, დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც დაკავებული ბექა თავაძის ადვოკატი აცხადებს, დაპირისპირება რუსთავის მერიის სამსახურში მიწის ნაკვეთს მოჰყვა, რომლის დარეგისტრირებასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე 4 წელია ცდილობს. ადვოკატის თქმით, ბექა თავაძემ 2016 წლიდან როგორც საჯარო რეესტრის, ასევე მერიის სამსახურებსაც მრავალჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

"როგორც ზოგადად ჩვენთვის ცნობილია, რაღაც დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მერიის სამსახურში, მიწასთან დაკავშირებით, რომლის დარეგისტრირებაც სურდა ბატონ ბექას.

2016 წლიდან ფაქტობრივად აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ცდილობს დაირეგისტრიროს. მიმართა არაერთ სამსახურს, როგორც საჯარო რეესტრის, ასევე მერიის სამსახურებს. აი, ეს პრობლემა ჰქონდა," - აცხადებს მიხეილ მუზაშვილი.

დაკავებულის მამა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით დეტალებს არ ფლობს და ადვოკატის განმარტებებს ელოდება.

"ადვოკატია შესული და ველოდებით ყველაფერს. არ ვიცი არაფერი, რა მოხდა, როგორ მოხდა. მიწის ნაკვეთის საკითხზე კი იყო მისული," - განაცხადა დაკავებულის მამამ ანზორ თავაძემ.

შეგახსენებთ, რუსთავის მერის მოადგილეს გოჩა ლორიას ფიზიკური დაზიანებები ერთ-ერთმა მოქალაქემ მერიის შენობაში მიაყენა. არსებული ინფორმაცით, დანაშაული საჯარო მოხელის საქმიანობას უკავშირდება. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. 34 წლის მამაკაცს, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილის ცემაში ადანაშაულებენ, ბრალი დღეს წარედგინა.

დღის ამბები