14 ივლისი 2020,   14:46
ვრცლად
სხვადასხვა პოლიტიკოსთან სამომავლო გეგმებზე კონსულტაციები დასკვნით ფაზაშია - შესაძლოა ძველი სახეები ახალ პარტიებში აღმოჩნდნენ

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება პოლიტიკური გადაჯგუფების საკითხი.

რამდენიმე თვით ადრე დაწყებული კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკოსთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე დასკვნით ფაზაშია.

საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ძალების მოსინჯვას დამოუკიდებლად და ახალ გუნდთან ერთად გეგმავენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

პოლიტიკური პარტიები და ფიგურები უკვე იწყებენ ერთმანეთის ძებნას, იმისათვის, რომ ყველამ იპოვოს ის ადგილი, სადაც საკუთარი რესურსების გამოყენებას ყველაზე უკეთ შეძლებენ. 

დიდია ალბათობა, რომ ძველი სახეები ახალ პარტიებში აღმოჩნდნენ. ახალი პარტიის შექმნა დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ანონსდებოდა. ის საუბრობდა კონკრეტულ პირებზეც, ვინც შესაძლოა მის პარტიაში ყოფილიყვნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვატო შაქარიშვილი, რომლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობს ლევან გოგიჩაიშვილსა და მის გუნდთან, საკუთარ თავს ამ პარტიის წევრად არ მოიაზრებს. 

"ლოგიკურია, რომ ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელებულიყო, რადგან ეს ადამიანები ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები არიან. მე მათ წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, მათივე პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ამას მიაღწევენ. ამ ეტაპზე მე არ ვარ არც ერთი პარტიის დამფუძნებელი და წევრი. ვიმეორებ, რომ ვაგრძელებ საქმიანობას თბილისის საკრებულოში,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს,  თამარ ჩუგოშვილმა დაადასტურა, რომ "ლელოსგან" შემოთავაზება ნამდვილად აქვს, თუმცა ის ფიქრის პროცესშია. აღნიშნული პარტიიდან ასევე შეთავაზება ჰქონდა პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს, დიმიტრი ცქიტიშვილს. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პარტიაში გაწევრიანების  სურვილი არ აქვს. 

"არ მქონია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან ამ საკითხზე კონსულტაცია. ვიცი, რომ "ლელოსგან" ასეთი შემოთავაზება იყო, რაც მათთან ერთად პოლიტიკურ თამაშს გულისხმობდა. ჯერჯერობით არ მაქვს გამოხატული სურვილი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გავწევრიანდე. ამასთან, იმისათვის, რომ გადავწყვიტო რომელიმე პარტიაში გაწევრიანება, ძალიან ბევრი დრო და ფიქრი მჭირდება იმაზე, რომ გავიგო რას გეგმავს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია,"- აღნიშნავს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი. 

"ლელოში" კი აცხადებენ, რომ პარტია ღიაა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ისინი ესაუბრებიან ყველას, ვისაც დასავლური ღირებულებები აერთიანებთ. 

დღის ამბები