14 ივლისი 2020,   14:06
ვრცლად
თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 2 ადგილი დაკავებულია - ახლა ოპოზიციური პარტიების საზრუნავი 6 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილებაა

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 2 ადგილი უკვე დაკავებულია. ბოლო დღეების პოლიტიკური ინტრიგა "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა. პარტიის განმარტებით, მანდატები პოლიტიკურ პარტნიორებს იმისთვის დაუთმეს, რომ შეთანხმებას საფრთხე არ დამუქრებოდა.

პოლიტიკური პარტნიორებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ამ გადაწყვეტილებით უთანხმოება შეთანხმებით შეიცვალა. ოპოზიციურ გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ახალი ინიციატივა მათ ერთობას განამტკიცებს და "ქართული ოცნების" დამარცხების მეტი შანსიც გაჩნდება. ახლა პარტიების მთავარი საზრუნავი 6 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილებაა.

"ევროპულ საქართველოს" დედაქალაქში სავარაუდოდ 2 კანდიდატი ეყოლება, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, იქნება თუ არა ერთ-ერთი ვაკის ოლქი, სადაც ელენე ხოშტარიას წარადგენენ. გაირკვა ისიც, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისში მაჟორიტარებისთვის არ იბრძოლებს.

ვაკის ოლქში კენჭისყრაზე უარი თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. "გირჩი" მაჟორიტარული მანდატებისთვის ბრძოლას ეთიშება და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტიული სიით აპირებს. "გირჩის" ლიდერმა გადაწყვეტილების ერთ-ერთ მოტივად ოპოზიციური პარტიების რიტორიკა დაასახელა და თქვა, რომ ამით თბილისის დარჩენილ 6 ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას ხელი შეუწყო. დღეს იმ კანდიდატების ვინაობაც დაასახელა, ვისაც მისი გუნდის მხარდაჭერა ექნება ან არ ექნება.

პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე თავად მაჟორიტარობას არ გეგმავს, თუმცა კონსულტაციებს განაგრძობს, რის შემდეგაც გაირკვევა, ეყოლება თუ არა მას წარმომადგენელი თბილისში. დედაქალაქის დარჩენილი 6 ოლქიდან ერთ კვოტაზე პრეტენზია აქვს გიორგი ვაშაძეს.

თბილისის სამაჟორიტარო ოლქებში ნინო ბურჯანაძის პარტიას ვერ ხედავს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი. დავით ბერძენიშვილი ოპოზიციურ გაერთიანებას გამარჯვების საკუთარ ფორმულას სთავაზობს, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოსა" და "ლელოს" 2-2 წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს,  "ლეიბორისტებსა" და ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობას" კი - თითო-თითო.

დავით ბერძენიშვილის ფორმულას არ ეთანხმება ნინო ბურჯანაძე. "ლელოს" გადაწყვეტილება კი ამ დრომდე უცვლელია - კანდიდატების დამოუკიდებლად წარდგენას აპირებენ, თუმცა პარტიაში არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს პოზიცია მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თბილისის შემთხვევაში შეიცვალოს.

შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა მალე ოპოზიციური გაერთიანება პოზიციების დაახლოვებას "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეეცდება.

აზრთა სხვადასხვაობაა რეგიონებში 22 ოლქის გადანაწილებასთან დაკავშირებით, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" დამოუკიდებლად სურს მონაწილეობა, "ევროპული საქართველო" კი პოლიტიკურ პარტნიორებს სთავაზობს, საერთო კანდიდატებზე შეთანხმება დიდ ქალაქებში მაინც შეძლონ.

დღის ამბები