07 აგვისტო 2020,   20:11
ვრცლად
"ოცნების" დეპუტატის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2018 წლიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს - IT-ის კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიის საქმიანობა შეისწავლა და დაადგინა, რომ შპს "სეტი+"-მა 2019 წლის ივლისიდან დღემდე 10 გამარტივებული შესყიდვით 57,762 ლარი მიიღო.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ქართული ოცნების" წევრი ამ კომპანიის 33,3%-ს ფლობს. თუმცა, ეს არ არის კვლევის ძირითადი მიგნება. როგოც გაირკვა, ტენდერებში ხშირად და საეჭვოდ იგებენ ვიქტორ ჯაფარიძის შვილთან, ოთარ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქათველოს" მკვლევარებმა შეისწავლეს და დათვალეს, რომ 2018 წლიდან ჯაფარიძეების ოჯახმა ექვს მილიონ ლარზე მეტი მიიღო. შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების თითოეული ტენდერი.

ერთ-ერთი ტენდერის ჩანაწერში არის საინტერესო დეტალი, სადაც წერია, რომ ქარხანა უნდა მდებარეობდეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარიდან არაუმეტეს 30 კილომეტრის რადიუსში. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" ამბობენ, ეს ჩანაწერი, შესაძლოა, გარკვეულ კორუფციულ გარიგებასთან იყოს დაკავშირებული. 

"ისეთი ტიპის ჩანაწერია, რომელიც, სავარაუდოდ, გათვლილია ამ კომპანიის სასიკეთოდ. ზოგადადაც, ჩვენი კვლევის მთავარი კითხვის ნიშანია, ხომ არ არის ეს ტენდერები მორგებული, ხომ არ არის ეს შესყიდვები სწორედ იმისთვის გამიზნული, რომ მოიგონ აი ამ კომპანიებმა,“-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

"კურიერი" დაუკავშირდა "TOB კონსტრაქშენის" დირექტორს ოთარ მაზმიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნული ჩანაწერი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარეობდა.  

"რა თქმა უნდა, შეეძლოთ დაეწერათ 100 კილომეტრი, კი ბატონო, მაგრამ ბეტონს ხომ თავისი თვისებები აქვს, იქ რომ რელიეფი უნდა გავითვალისწინოთ. ბეტონი როცა მიაქვს მიქსერს 1 ან ორი საათის შემდეგ, ბეტონი თავის თვისებებს კარგავს. ამიტომ, მაქსიმალურად ეცადნენ, რომ მიახლოებული ყოფილიყო ბეტონის ქარხანა სამშენებლო ობიექტს,"-განაცხადა ოთარ მაზმიშვილმა. 

ცოტა ხნის წინ საკითხზე შეფასება გააკეთა პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი არსებობს რაიმე ეჭვის საფუძველი, აღნიშნულზე მოკვლევა აუცილებლად დაიწყება. 

"ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო - ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ კვლევას გადაუგზავნიან. იმდენად ღიაა დღეს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში მედია სივრცე, რომ არაფერი დაიმალება, ყველამ ხო ყველაფერი ვიცით. შესაბამისად, თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, რომ მოკვლევა დაიწყოს, რა თქმა უნდა, დაიწყება,"-განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები