13 აგვისტო 2020,   06:27
ვრცლად
არ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც ამდენი განათლებული, კომპეტენტური და პოლიტიკით დაინტერესებული ქალია ვხედავდეთ სურათს, სადაც ქალები არ არიან - იდა ბახტურიძე

ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ქალთა სქესის წარმომადგენლებს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ რეალურად აჩვენონ და დაუმტკიცონ, მათ შორის, საკუთარი პარტიების ლიდერებს, რომ მათ რეალურ პოლიტიკაში მონაწილეობა შეუძლიათ.

"განსაკუთრებით მივულოცავ დღეს პოლიტიკაში მყოფ ქალებს, ქალებს, რომლებიც წლებია უკვე პოლიტიკაში არიან, მუშაობენ ბევრს საკუთარი პარტიებისთვის მათ შორის და პარტიები ამ ქალებს ვერ ხედავენ. ამიტომ, როცა ამ გაუგებარ შეურაცხყოფაზე ვსაუბრობთ, მე ვურჩევდი, რომ სწორედ ასეთ პოლიტიკოს ქალებს ჰკითხონ, ისინი ელოდებოდნენ უკვე წლებია, განსაკუთრებით რეგიონში მომუშავე პოლიტიკოსი ქალები ამ საკანონმდებლო ცვლილებას და არჩევნების წინ, ეს განსაკუთრებულად მეტი შესაძლებლობის მომცემია ქალებისთვის, რომ რეალურად აჩვენონ, მათ შორის, დაუმტკიცონ საკუთარი პარტიის ლიდერებს, რომ მათ შეუძლიათ რეალურ პოლიტიკაში მონაწილეობა და მათ მეტი შანსი აქვთ მიუახლოვდნენ გადაწყვეტილებების რეალურ მაგიდას. ამ შესაძლებლობას აჩენს ეს კვოტა, თორემ კვოტა ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

რაღაცნაირად ისე წარმოიდგინა ყველამ, რომ პოლიტიკური კულტურის გაჯანსაღება, კვალიფიციური პოლიტიკოსები თუ არაკვალიფიციური პოლიტიკოსები, ყველაფერი ამ კვოტას უნდა დაბრალდეს. ამას წყვეტს თავად პარტია და ერთადერთ რამეს არეგულირებს ეს საკანონმდებლო ცვლილება, რომ პარტიებს უკვე აქვთ ვალდებულება, რომ სქესის ნიშნით დააბალანსონ საკუთარი სიები, რომლებიც აქამდე ასე არ ხდებოდა. ჩვენ ყველა მივდიოდით ხანდახან საარჩევნო ყუთთან და ვხედავდით ერთსქესიან საარჩევნო ბიულეტენს. დანარჩენი უკვე თავად პოლიტიკოსმა ქალმა უნდა დაამტკიცოს, დანარჩენი თავად უკვე პარტიამ უნდა დაამტკიცოს რაზე აკეთებს ფსონს - კომპეტენციაზე თუ რამე სხვაზე," - აცხადებს იდა ბახტურიძე.

იდა ბახტურიძის განმარტებით, აღნიშნული კვოტის მხარდამჭერებისთვის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა გაზრდილიყო და ხელოვნური ბარიერი ამასთან დაკავშირებით თავად პარტიებს არ შეექმნათ.

მისივე განცხადებით, მთავარი არ არის რომელიმე პარტიის სიაში მოხვედრა, მთავარია საარჩევნო კამპანიის მოსაგებად ბრძოლა და შემდგომ 4 წელი პარლამენტსა თუ ადგილობრივ საკრებულოში მუშაობა. იდა ბახტურიძე ასევე ამბობს, რომ პარტიის სიაში მოხვედრა ქალისთვის არის საშუალება, დაამტკიცოს რისი შესაძლებლობები გააჩნია.

"კვოტის მხარდამჭერებისთვის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა უნდა გაზრდილიყო და რომ იქ ხელოვნურ ბარიერებს თავად პარტიები ქმნიდნენ, თორემ არ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც ამდენი განათლებული, კომპეტენტური და პოლიტიკით დაინტერესებული ქალია, ვხედავდეთ სურათს, სადაც ქალები არ არიან ხო?! აქ რაღაც პრობლემაა და აქ უნდა ჩარეულიყო სახელმწიფო ჩემი აზრით და სწორადაც ჩაერია და დანარჩენი, ხარისხში და პოლიტიკური პარტიების გემოვნებაში სახელმწიფო და ვერც აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვერ ჩაერევიან. მთავარია, რომ რაღაც უთანასწორობას და სამართლიანობას სჭირდება დამატებითი მექანიზმების კვოტა. - განაცხადა ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორმა იდა ბახტურიძემ.

შეგახსენებთ, 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დაჩქარებული წესით რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს, კანონპროექტს 94 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა.

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა. ასევე აკრძალული ხდება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც. ცვლილებების თანახმად 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

დღის ამბები