15 აგვისტო 2020,   06:30
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო - საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში დღეს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 24 წლის პაციენტი გოგონა მოინახულა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ნათია სულავასა და ქეთევან თათოშვილს პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შემდგომი მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისათვის, მძიმეა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია სულავას განცხადებით, პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ქვეყანაში ქალზე ნებისმიერი სახის ძალადობის ფაქტების მიმართ.

"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა რამდენიმე დღის წინ მომხდარი სამწუხარო ფაქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ყოველი შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, როგორც ხელისუფლების, ასევე, საზოგადოების მხრიდან და, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს მომხდარ ფაქტებზე უმკაცრეს რეაგირებას.

ასევე, ნამდვილად მაღალ შეფასებას იმსახურებს დამწვრობის ცენტრის პერსონალის პროფესიონალიზმი, სწორედ მათი მცდელობით პაციენტის მდგომარეობა დადებით დინამიკაშია.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და ამ მიზნით უახლოეს პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განახლდება შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციებთან," - განაცხადა ნათია სულავამ.

დღის ამბები