15 აგვისტო 2020,   05:24
ვრცლად
ველოდებით ოპოზიციას, როდის გამოაცხადებენ ჭაკუას პოლიტპატიმრად - ირაკლი კობახიძე წამებისთვის ძებნილ სასჯელაღსრულების ყოფილ ხელმძღვანელზე

"კურიერის" ექსკლუზიური კადრებით ბერლინიდან - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან თვითმფრინავს, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადირება ხორციელდება.

დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.მას ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ადანაშაულებენ 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც მაშინ შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

გარდა ამისა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუა მხილებულია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში,ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დავით ჭაკუას ექსტრადირება მიანიშნებს, იმაზე, რომ არცერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება.

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე დავით ჭაკუას ექსტრადირების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარმომადგენელია.

"სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია. ამაში დასავლელ პარტნიორებს დიდი წვლილი მიუძღვით. ეს ფაქტი ყველას შეახსენებს, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი. ახლა კი ველოდებით ოპოზიციას, როდის გამოაცხადებენ, ჭაკუას პოლიტპატიმრად,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები