15 აგვისტო 2020,   06:01
ვრცლად
ხმაური რუსთავის სასამართლოში - ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს

რუსთავის სასამართლომ დავით მუმლაძის, იგივე ზურაბ დადეშელის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ განაჩენი გამოიტანა.

ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას 20 წლიანი, დავით მიროტაძესა და მიხეილ ღუბიანურს 10-10, ხოლო დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს  9-9 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ ერთი პირს, გიორგი ასათიანს, ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლის გამოტანილ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის განცხადებით, ბრალდებულების სასჯელი არაადეკვატურია.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის იყვნენ მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავას დაკავება კი იანვრის თვეში მოხდა.

დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედებოდათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცველ დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ხელშეწყობა.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მკვლელობა რუსთავში გასული წლის ოქტომბერში მოხდა. გამოძიებამ დანაშაულის მოტივად შურისძიება დაასახელა.  გამოძიების ინფორმაციით, დავით მუმლაძე (ზურაბ დადეშელი) მისივე მეგობარმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და პოლიციელებს გადასცა, პოლიციელებმა კი მკვლელობაში ბრალდებულებს, რომლებმაც დავით მუმლაძეს ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება, კვალის დამალვის მიზნით კი გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

დღის ამბები