19 სექტემბერი 2020,   20:17
ვრცლად
რას ჰყვება მოწმე, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისის ღამესვე შეიტყო - "კურიერმა" კიდევ ერთი ჩვენება მოიპოვა

"კურიერმა" მოიპოვა ჩვენება გოგოს ჩვენება, რომელიც 19 ივნისის ღამეს მცხეთის აგარაკზე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იყო. გოგონა ჰყვება, რომ იუბილარის დარწმუნებას ცდილობდა კონფლიქტის შემდეგ, რომ ისინი წასულიყვნენ ლისზე, მათივე მეგობრის საცხოვრებელ სახლში.

სწორედ ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მცხეთის გზატკეცილზე მოხდა დაპირისპირება და გიორგი შაქარაშვილი და გუკა ამირხანაშვილი დაიკარგნენ.

"თბილისი მოლთან" არმისულები გამოვტრიალდით ანის ნაქირავები სახლისკენ. ანი იყო განერვიულებული და ამის ნიადაგზე ტიროდა კიდეც. მე ვცდილობდი მის დაწყნარებას და ვთხოვდი, რომ გამოგვყოლოდა მე და ირაკლი წაქაძეს ამ უკანასკნელის სახლში. ანი დამთანხმდა და წავედით ლისის ტბის მიმართულებით. ლუკა ბეჟანიშვილის ტელეფონზე დარეკა ვიღაცამ და უთხრა, რომ ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზატკეცილზე უცხოებმა სცემეს.

ამის შემდეგ, ჩვენ ჩავჯექით ირაკლის მანქანაში და წამოვედით ჩვენი უბნის მიმართულებით რადგან ბიჭებს ენახათ ვინმე უფროსი ადამიანები, რომლებთანაც ერთად მივიდოდნენ ჩვენს ნაცემ მეგობრებთან და უსაფრთხოდ წამოიყვანდნენ.

უბანში როდესაც დავბრუნდით, ვნახე, რომ კონსტანტინე ღიბრაძე უკვე უბანში იმყოფებოდა და ჩემთვის უცნობ პირებთან ერთად იჯდა ვიღაცის მანქანაში. აღნიშნული მანქანა მოუახლოვდა ჩვენს მანქანას, საიდანაც კონსტანტინემ შემოგვძახა, რომ მიდიოდა ჩვენი ნაცემი მეგობრების წამოსაყვანად , მაგრამ თუ სად იყვნენ და ვინ ცემა, მას არ უთქვამს, ვინაიდან მაშინვე დაიძრა აღნიშნული მანქანა. დაახლოებით ერთ საათში ლუკა მოვიდა ჩემს სახლთან და მითხრა, რომ ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე ნახეს ნაცემები, ხოლო სცემეს უცნობმა პირებმა.

ასევე ლუკამ მითხრა, რომ გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი გუკა იყვნენ დაკარგულები. ხოლო დაკარგულები იყვნენ იმიტომ, რომ როგორც ჩემს მეგობრებს, მათაც უცნობმა პირებმა დაუპირეს ცემა, მაგრამ გაიქცნენ და აღარ გამოჩენილან.

მეორე დღეს ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე რომ გუკა გამოჩნდა, ხოლო გიორგი შაქარაშვილი კვლავ დაკარგული იყო.

როგორც შემდგომ გავიგე, ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზაზე სცემეს ანის მეგობრებმა. ჩემთვის ცნობილია, რომ გიორგი ქათამაძე როდესაც სცემეს, მან მიიღო სხეულის დაზიანებები, რის გამოც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას დახმარების აღმოჩენის მიზნით,"- ნათქვამია მოწმის ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

დღის ამბები