15 აგვისტო 2020,   05:22
ვრცლად
14-წუთიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის დროსაც შაქარაშვილის ჩანთა იპოვეს - "კურიერმა" ახალი გარემოებების შესახებ შეიტყო

"კურიერმა" მოიპოვა იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა, რომელშიც მონაწილეობას გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე გუკა ამირხანაშვილი იღებს. "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ექსპერიმენტი სულ რაღაც 14 წუთს გაგრძელდა, იწყება იმ ადგილიდან, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა და სრულდება იქ, სადაც აღმოჩენილია გარდაცვლილი ფეხბურთელის ჩანთა. საგამოძიებო ექსპერიმენტი შაქარაშვილის გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 19 ივნისს ღამის საათებში ჩატარდა. ჩანთა, რომელსაც ახლა დნმ კვლევა უტარდება, გამოძიებას სწორედ შაქარაშვილის მეგობარმა, ამირხანაშვილმა აპოვნინა.

მსგავსი გარემოებიდან და შეცვლილი ჩვენებებიდან გამომდინარე, რომელიც საქმის მასალებში დევს, შაქარაშვილის ბიძა არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

გიორგი შაქარაშვილის, 12-ტომიან საქმეში დევს ყველა იმ პირის ჩვენება, ვინც 18 ივნისს ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე აგარაკზე იმყოფებოდა. მათ შორის, იმ გოგოსი, რომელიც პირველი დაპირისპირების შემდეგ იუბილარს ლისზე წასვლას სთხოვდა. ჩვენებით, რომელსაც ბარბარე ურიდია გამოძიებას აძლევს, ირკვევა, რომ მისთვის გუკა ამირხანაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია იმავე ღამეს ცნობილი იყო. ჩვენებაში ურიდია წერს, რომ მეგობრების გაუჩინარების მიზეზი უცხო პირების დევნა გახდა, რომლებიც მათ ცემას აპირებდნენ.

საქმეში დევს კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგოს ჩვენება, რომელმაც წვეულება პირველი დაპირისპირების შემდეგ მამასთან ერთად დატოვა. არასრულწლოვანი გიორგი შაქარაშვილისა და გუკა ამირხანაშვილის მეგობარია.

კიდევ ერთი ახალი გარემოება საქმის გარშემო - ანძების ჩანაწერით ირკვევა, რომ მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე, დაახლოებით ორის ნახევრისთვის უკვე თბილისში იმყოფებოდნენ. შესაბამისად ვერსია, რომ შემთხვევის შემდეგ მორაგბეები ხიდის ქვეშ დარჩნენ, გამოირიცხა, თუმცა, ამ დროისთვის დაზუსტებით უცნობია, წამოვიდნენ თუ არა დანარჩენებიც თბილისში.

"კურიერმა" ასევე მოიპოვა ანძის სხვა ჩანაწერებიც, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მიმალვის დროს ვახო ახვლედიანი, დაახლოებით 18 ზარს ახორციელებს. კონკრეტულად ვის ურეკავს ის, ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია.

დღეს კამერებთან პირველად გამოჩნდა იუბილარი ანი გაბეჩავა. ის მცხეთის სამმართველოში გამომძიებლების კითხვებს რამდენიმე საათი პასუხობდა, საქმე მის მიმართ დაწყებულ შეურაცხმყოფელ კამპანიას ეხება.

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ახლა ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოქვეყნდება. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს როდის მიიღო გიორგიმ დაზიანებები სხეულზე და იყო თუ არა ის ცოცხალი, როდესაც მდინარე არაგვში აღმოჩნდა.

ავტორი - სალომე უერთაშვილი

დღის ამბები