10 აგვისტო 2020,   15:07
ვრცლად
ოქროს მოწმისა და პატრულ-ინსპექტორის ურთიერგამომრიცხავი ჩვენებები შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში - "კურიერმა" რამდენიმე ჩვენება მოიპოვა

ე.წ. ოქროს მოწმისა და პატრულ-ინსპექტორის ურთიერგამომრიცხავი ჩვენებები - "კურიერმა" 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ბოლო ტომებიდან რამდენიმე ჩვენება მოიპოვა. მათ შორის არის იმ პატრულ-ინსპექტორების დეტალური მონათხრობი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე თბილისში ჩამოიყვანეს.

2 დღის წინ ჩამორთმეულ ჩვენებაში პატრულ-ინსპექტორი ვალერი ჯიქურაშვილი ამბობს, რომ მომხდარს სამხრე კამერებით არ იღებდნენ. ასევე მათ არ შეუსწავლიათ ის ადგილი, სადაც შეტყობინების მიხედვით ჩხუბი მოხდა.

მისივე ჩვენებით, იაკობ ბრეგვაძემ მას განუცხადა ჩხუბის ამოწურვის შესახებ და რომ არ იცნობდა კონფლიქტში მონაწილე პირებს. თუმცა გასულ კვირას "კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ "შკოდას" ტიპის მანქანა ადგილზე მიდის იმ საცხოვრებელ სახლთან, სადაც იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე.

პატრულ-ინსპექტორი ასევე აღწერს, რომ ფოტოგრაფი გზის საწინააღმდეგო მხარეს ჩაისვეს და თბილისში წამოიყვანეს.

იაკობ ბრეგვაძე კი ჩვენებაში მეორე მხარეს აღწერს.

ვალერი ჯიქურაშვილის განცხადებით, ადგილზე კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი ზარის გაუქმების გამო არ მისულა.

"2020 წლის 19 ივნისს ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას. 00:59 საათზე ჩემს მეწყვილეს დაურეკა ოცეულის მეთაურმა რაინდი მეფარიძემ და განუცხადა, რომ დავკაშირებოდით ჩვენს სამორიგეოს, ვინაიდან შემოსული იყო შეტყობინება ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით. ჩემი მეწყვილე დაუკავშირდა სამორიგეოს, რომელმაც განუცხადა, რომ ინიციატორი იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებდა ზუსტ მისამართს და გადმოსცემდა, რომ რესტორან "ქებაბ ჰაუსთან" იყო ჩხუბის ფაქტი. ჩემმა მეწყვილემ სცადა დაკავშირება, მაგრამ მობილური გამორთული იყო. ჩვენ დავიწყეთ ძებნა აღნიშნული ობიექტის ჩვენს კვადრატში. ვინაიდან ზუსტად არ ვიცოდით მისამართი, გავემართეთ სოფელ კარსანის მიმართულებით მდებარე კერძო სახლთან. ადგილზე დაგვხვდა რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი, მშვიდი გარემო და იქ არანაირი ჩხუბი არ ფიქსირდებოდა. შემდეგ ჩემს მეწყვილეს დაუკავშირდა ინიციატორი იაკობ ბრეგვაძე და განუცხადა, რომ იმყოფებოდა არაგვის ხიდის მიმდებარედ ტყეში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავემართეთ დასავლეთისკენ, თუმცა იქ არანაირი ჩხუბი არ იყო. შემდგომ ჩვენ გამოვემართეთ თბილისისკენ, დაგვირეკა მორიგემ და გვითხრა, რომ ტერიტორია, სადაც ჩხუბი ფიქსირდებოდა, არ იყო ჩვენს კვადრატში და ინიციატორის მიერ გაუქმებული იყო გამოძახება და დავბრუნებულიყავით ჩვენს კვადრატში.

ამის შემდგომ ჩვენ ჩავედით ავტომაგისტრალზე დასავლეთის მიმართულებით. ამ დროს, დაახლოებით 01:15-01:16 საათზე, სანამ არაგვის ხიდს გადავიდოდით, საგურამოს მხრიდან, ტყის მასივიდან მაგისტრალზე გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენ შევუჩერეთ ავტომობილი და ვკითხეთ ვინაობა და ჩხუბთან დაკავშირებით ხომ არ ფლობდა რაიმე სახის ინფორმაციას. მან განაცხადა, რომ იყო იაკობ ბრეგვაძე, იყო ინიციატორი და ასევე განმარტა, რომ მიდიოდა დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ავტოსტოპით. ასევე ყვებოდა, რომ როდესაც ის იყო ქვეითად მოსიარულე, შეამჩნია ქვეითად მოსიარულე რამდენიმე პიროვნება, რომელთაც შეუჩერა მიმავალმა ავტომანქანამ, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და ფეხით მიმავალ პირებს დაუწყეს გინება, მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რაზეც ის გაიქცა და თუ კიდევ მოხდა რამე, არ დაუნახავს.

მან ზოგადად ახსენა ჩხუბი. მისივე განმარტებით, მას შეეშინდა, მოერიდა ადგილს და დაიმალა. ასევე მან განაცხადა, რომ ჩხუბში მონაწილე პირებს არ იცნობდა. ამის შემდეგ ჩემი მეწყვილე დაუკავშირდა მორიგეს და უთხრა, რომ ინიციატორი ჩვენთან ერთად იყო და ადგილზე მოსულიყო კრიმინალური პოლიცია. მორიგემ მალევე გადმოგვირეკა და გვითხრა, რომ შეტყობინება გაუქმებული იყო და კრიმინალური პოლიცია ვერ მივიდოდა ადგილზე. ჩვენ იაკობ ბრეგვაძეს შევთავაზეთ დახმარება და მან გვთხოვა, რომ თანხა არ ჰქონდა და თბილისში წამოგვეყვანა. ჩვენ ჩავისვით ის მანქანაში და მივიყვანეთ აღმაშენებლის ხეივანზე. დიდი დიღმის გადასახვევთან," - ნათქვამია პატრულ-ინსპექტორის ჩვენებაში.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები