10 აგვისტო 2020,   15:16
ვრცლად
12-ტომიანი საქმის ახალი მტკიცებულებები - 500-მდე სატელეფონო ზარის ჩანაწერი და ახალი ფოტომასალები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

დამოუკიდებელ ექსპერტს გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ფოტოები დღეს "კურიერმა" პირველად გააცნო. ფოტომასალებზე დაყრდნობით ალექსანდრე გეჯაძე არ გამორიცხავს, რომ დაზიანებები 19 წლის ფეხბურთელს სიცოცხლეში ჰქონდეს მიყენებული. "კურიერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიურ ფოტომასალაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ცხედარს სახისა და კიდურების არეში ბლაგვი საგნისთვის დამახასიათებელი დაზიანებები აქვს. ასევე, დაბეჟილობა თვალებსა და ტუჩზე. შაქარაშვილის საქმეში ცხედრის სამოცი ფოტო დევს, "კურიერი" მძიმე კადრების მხოლოდ ნაწილს ასაჯაროებს, კვირის ბოლომდე ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას - როდის დაშავდა შაქარაშვილი, სიცოცხლეში, თუ სიკვდილის შემდეგ.

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და მძიმე საქმიდან "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა საქმის ყველა ფოტოსურათი. მასალების მიხედვით, ნივთმტკიცებულებად, ასევე, ამოღებულია რკინის ხელკეტი, რომელიც საკუთარი ჩვენების მიხედვით, ნიკა ჟვანიამ გამოიყენა. რკინის მილი, როგორც ამას ბრალდებული ამბობს, ავტობანზე, იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც საბედისწერო დაპირისპირება დაიწყო. იაკობ ბრეგვაძემაც ჯერ კიდევ პირველ ჩვენებაში თქვა, რომ "მერსედესის" მგზავრები სანათებით ამ ტერიტორიაზე რაღაცას ეძებდნენ, და სავარაუდოა, რომ ახალგაზრდების დაკარგული მტკიცებულების ძებნა უშედეგოდ დასრულდა. ასევე, ამოღებულია ანაწმენდები ავტომობილებიდან, მტკიცებულებები სახლიდან და იმ ადგილებიდან, სადაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ და იმალებოდნენ. მათ შორის არის კრამიტის ფილები, რომელიც ჩვენებების მიხედვით აგარაკზე გამოიყენეს.

"კურიერმა" მოიპოვა გურამ ამირხანაშვილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოებიც, სადაც ის და გამომძიებლები გიორგი შაქარაშვილის ჩანთას ხიდის ქვეშ სვეტზე დადებულს პოულობენ. ესპერიმენტი სულ 14 წუთს გაგრძელდა, ჩანთაში გიორგი შაქარაშვილის პირადი ნივთები იდო.

"კურიერმა" 4 ივლისით დათარიღებული იმ პატრულ ინსპექტორის ჩვენებაც მოიპოვა, რომელმაც მეწყვილესთან ერთად ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე თბილისში წამოიყვანა. ჩვენების მიხედვით, ვალერი ჯიქურაშვილმა და გიორგი ზარიაშვილმა, ფოტოგრაფი თბილისში ხელმძღვანელი პირის ნებართვის გარეშე წამოიყვანეს - აღნიშნავენ რომ უფროსის გაფრთხილება დაავიწყდათ. პატრულ-ინსპექტორი იხსენებს, რომ დაახლოებით ნახევარი საათი ფოტოგრაფის ადგილმდებარეობას ეძებდნენ, შემდეგ კი ის თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, ბუჩქებიდან გამოსული ნახეს. ინსპექტორი წერს, რომ ჩხუბის შესახებ ფოტოგრაფმა ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ინციდენტი მისთვის უცნობ პირებში მოხდა და ამოწურული იყო. ჩვენების მიხედვით, 112-ში გაუქმებული შეტყობინების გამო, ინსპექტორის მოთხოვნის მიუხედავად ადგილზე კრიმინალური პოლიცია არ მისულა.

პოლიციელისა და იაკობის ჩვენებაში ერთი განსხვავებაცაა, ოქროს მოწმე თავის სამალავად მშენებარე სახლს ასახელებს, პოლიციელი კი ამბობს, რომ ის მოპირდაპირე მხარეს იპოვა. ძალოვანს ჩვენების დროს რამდენჯერმე ეკითხებიან, გააჩერა თუ არა მან ავტომობილი შემთხვევის ადგილზე, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს, "კურიერის" მიერ მოპოვებული კადრები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

ჩვენებებისა და ვიდეომასალების გარდა, საქმეში დევს სატელეფონო კომუნიკაციების ამონაწერი. ირკვევა, რომ ღამის 23:00 -დან 02:00 საათამდე 321 ზარი და ტრაფიკია დაფიქსირებული. დროის ამ მონაკვეთში ზარები ნარაკვევის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში და უკან ფიქსირდებოდა. პირველ ზარს ვახო ჩიქოვანი გიორგი ყაველაშვილთან ახორცილებეს და მას 8-ჯერ ელაპარაკება. ამ მონაცემებით, კონფლიქტიდან ნახევარ საათში ტერიტორიას ტოვებს კოკო ღიბრაძე და მისი ტელეფონი თბილისი ფიქსირდება. კადრების ნაწილი კი თორმეტის ნახევარზეა გადაღებული, სავარაუდოდ, დიჯეიმ ტერიტორია ვახო ახვლედიანთან და გიორგი ქათამაძესთან ერთად დატოვა და შემდეგ უკან დაბრუნდა. ავტობანზე მომხდარი დიდი დაპირისპირების დროს კი ვახო ჩიქოვანი და ნიკა ჟვანია ერთმანეთს რამდენჯერმე ესაუბრნენ.

გამოძიება 8 პირის სატელეფონო ზარებით დაინტერესდა, გამოძიების ინფორმაციით, ისინი შემთხვევის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების საკითხს ტელეფონით განიხილავდნენ.

დღეს, დღის ბოლოს ადგილი, სადაც გურამ ამირხანაშვილი 18 ივნისის ღამეს იმალებოდა, "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დამწვარი დახვდა. როდის გაჩნდა ხანძარი და რა ვითარებაში, ამ დრომდე უცნობია. ცდილობდა თუ არა ვინმე კვალის დაფარვას, ოფიციალური ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არ ვრცელდება. თუმცა, ცნობილია, რომ ეს ტერიტორია გურამ ამირხანაშვილთან ერთად გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერტიზის დროს უკვე შეისწავლეს და ამოღებულია ნივთმტკიცებულებები, მათ შორის ნიადაგის სინჯები. ადვოკატები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ 18 ივნისის ღამე გარკვეულმა ჯგუფმა კვალის არევაც სცადა.

დღეს გურამ ამირხანაშვილს ე.წ მატროსოვის ციხეში "ტოიოტა ქამრის" ავტომობილის მგზავრები, ბრალდებული არასრულწლოვანები უნდა ამოეცნო. ბრალდებულების თანხმობის მიუხედავად, დაგეგმილი მოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დღის ამბები