19 სექტემბერი 2020,   20:46
ვრცლად
"დასტურდება, რომ რიგი მტკიცებულებები განადგურდა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები გამოძიების ხარვეზებზე საუბრობენ

ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეში ბრალდებული პირების ადვოკატები გამოძიების ხარვეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, საქმეში მტკიცებულებების ნაწილი განადგურებულია და ჩვენებები, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ საგამოძიებო უწყების არასწორ მუშაობაზე მიუთითებს.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მოწმობს ბრალდებულების მიერ ჩადენილ უკანონო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობის ფაქტს.  

"ჩვენ გვაქვს მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ რიგი მტკიცებულებები განადგურდა, შესაბამისად, ეს უკვე ხარვეზია. ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს, ეს უკვე გამოძიების ნაკლოვანებაა, ვინაიდან მე ვფიქრობ ისე უნდა წარმართო გამოკითხვის პროცესი, რომ ამოწურო ეს შეკითხვები და თუ ახალი გარემოება იქნება, უკვე ამის შემდეგ დაიბარო პირი და დამატებით ხელახალი გამოკითხვა აწარმოო.  გამოკითხვის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას და უკვე შემდგომში სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს მათი წინააღმდეგობრიობის გამო ვერ ექნება მტკიცებულებითი ფასეულობა,“ - განაცხადა არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის თენგო ბარბაქაძის ადვოკატი განმარტავს, არ არის გამორიცხული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მათ დამოუკიდებელ ექსპერტსაც მიმართონ. 

"ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას . ბუნებრივია, თუ საჭიროება მოითხოვს, ჩვენ გავიარეთ და უკვე მიდის ახლა საუბარი თავისუფალ ექსპერტებთან, რომელიც მოგეხსენებათ არიან საკმაოდ კომპეტენტურები, ჩვენ საქმიდან გამომდინარე, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ,“ - განაცხადა  გიორგი ფოფხაძემ.

 

 

დღის ამბები