13 აგვისტო 2020,   07:44
ვრცლად
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა კომიტეტებში ინაცვლებს   

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა, რომელიც რეგულაციების ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს, კომიტეტებში ინაცვლებს. დღის ბოლოს მისი ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტი უფლებას აძლევს მთავრობას საკანონმდებლო ორგანოსა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე სპეციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე გაახანგრძლივოს. 

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბრძოლის საუკეთესო ტაქტიკის მიუხედავად, ქვეყანას პანდემიის რეჟიმში ცხოვრება უწევს, მოსალოდნელია მეორე ტალღაც და ქვეყანა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.

"ეპიდემიოლოგთა უდიდესი ნაწილი ვარაუდობს შესაძლო მეორე ტალღას, რომელსაც შესაძლოა უფრო მაღალი გავრცელების ხარისხი ჰქონდეს და ზიანის კუთხითაც იყო უფრო მძიმე. ამიტომ ვფიქრობ, უპრიანია, რომ ხელისუფლებას დავუტოვოთ კრიზისის მართვის საშუალება საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე, რის საშუალებას იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი და ჩვენ ამ კანონის მოქმედების ვადას ამ ეტაპზე ვადგენთ წლის ბოლომდე,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია. 

"ეს არის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება. ვერ გაბედეს მაშინ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მისი მიღება და ეს იყო კომპრომისი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მას აპროტესტებდა, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორი. ეს გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და ახლა უკვე 5 თვით ხდება მისი გადავადება და ეს ემთხვევა მთლიან საარჩევნო პერიოდს. ეს არის კანონი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული ხელისუფლების ხელში," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, გიგი წერეთელი კი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები პარლმენტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იქნას მიღებული. 

"ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება მნიშვნელოვან ფუნდამენტურ უფლებებს ჩვენი მოქალაქეების, უნდა წყდებოდეს პარლამენტის ზედამხედველობით, ეს არის კონსტიტუციური პრინციპი. სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და ცუდია, როცა მთავრობას შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს პარლამენტის გარეთ. მესმის, რომ ეს ეხება პანდემიას, მაგრამ ყველგან ეს არის საფრთხე ყველა ქვეყანაში, რომ ხელისუფლებამ არასწორად გამოიყენოს ეს მინიჭებული უფლებები," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

დღის ამბები