11 აგვისტო 2020,   02:31
ვრცლად
ცვლილება კანონში - ეხება თუ არა "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონპროექტი მედიას

"ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა, თუმცა პროექტს ოპოზიცია, მმართველი პარტია და კანონპროექტის ინიციატორები სხვადასხვაგვარად უკვე კითხულობენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ დაზუსტდა, რომ ცვლილებები, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს - ინტერნეტ პროვაიდერებს ეხება და მედიისთვის და მაუწყებლებისთვის შეზღუდვები ან რეგულაციები არ წესდება.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში დროებითი მმართველის შესაძლო დანიშვნაა ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოყვა. პროექტის მიხედვით, სპეციალურ მმართველს უფლება ექნება, დანიშნოს ან გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადაო გახადოს პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა. სპეციალურ მმართველს შესაძლოა ქონდეს უფლება ავტორიზებული ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს, ან შეუზღუდოს მოგების განაწილება.

ინტერნეტპროვაიდერები განმარტებებს ჯერ არ აკეთებენ და ამბობენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს გადიან.

მიუხედავად იმისა, რომ "ელექტრონული კომინუკაციების" შესახებ კანონპროექტი მაუწყებლებს და მედიას არ ეხება, ოპოზიციაში მაინც ამბობენ, რომ ცვლილებების პაკეტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და წინასაარჩევნოდ პრესის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ოპოზიციის კრიტიკას ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უწოდებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ "ელექტრონული კომუნიკაციების" კანონში დაგეგმილი ცვლილებები მაუწყებლებს არ ეხება და მედიის თავისუფლება საფრთხის ქვეშ არ დადგება.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში" ცვლილებების ავტორი მთავრობა და კომუნიკაციების კომისია არიან. საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დარეგისტრირდა და მას დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ.

დღის ამბები