13 აგვისტო 2020,   07:12
ვრცლად
ორ ზარზე მეტია შესული 112-ში - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირების ადვოკატებს გუშინ, დღის ბოლოს, მცხეთის პოლიციაში მტკიცებულებები გადაეცათ. მათი შეფასებით, გამოძიებას დაკავებულთა წინააღმდეგ რეალური ხელმოსაჭიდი არ აქვს.

როგორც ერთ-ერთი უფლებადამცველი "კურიერთან" აცხადებს, საქმეზე მათთვის გადაცემული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ  112-ში 2 ზარზე მეტია განხორციელებული. 

უფლებადამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გაკეთებულ განცხადებას  საქმის კვალიფიკაციის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ ბრალის დამძიმება არ უნდა მოხდეს, რადგან არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველიც კი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართე განცხადებით, რომ გადმოეცა აღკვეთის ღონისძიების შემდგომ მოპოვებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. მივმართეთ განცხადებით, რომელიც დაგვიკმაყოფილა და გადმოგვეცა. ბრალად წარდგენილ ქმედებას არ ეთანხმებიან, რა თქმა უნდა, აღნიშნული კვალიფიკაცია სრულად შეუსაბამოა. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შემდეგ გარემოებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მაქსიმალურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და მათ ინტერესში შედის, რომ დადგინდეს სიმართლე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე," - აცხადებს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის უფლებადამცველი, ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები არსებობს. 

"28-30 საათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა გადმოგვცეს ჩვენ ის შესაძლო მტკიცებულებები, რომელიც მოპოვებულია ბოლო 4 დღის განმავლობაში. გვაქვს დაახლოებით ათამდე მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია, წაშლილი ფაილები, აღდგენილი ვიდეომასალა და აუდიომასალა, მათ შორის ესემესები. მთლიანი დღის ზარებია 112-ში შესული და უკვე მთლიანი ანალიზი გაკეთდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორ ზარზე მეტია შესული 112-ში და ეს დასტურდება მათ შორის ამ გადმოცემული მტკიცებულებებით. ამ ეტაპისთვის არა, თუ გადაკვალიფიცირების და დამძიმების, არამედ ცალსახად არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები," - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

 

 

დღის ამბები