13 აგვისტო 2020,   06:15
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის ბიძა არ გამორიცხავს, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს

რა მოხდა 19 ივნისის ღამით მცხეთაში? ექნება, თუ არა ამ კითხვაზე პასუხი ექსპერტიზას - გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგი ცნობილი მიმდინარე კვირას უნდა გახდეს. დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნა გამოძიების პროცესში ბევრს რამეს შეცვლის. ოჯახის ადვოკატი, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე საქმეში მონაწილეთა მხრიდან არათანმიმდევრულ ჩვენებებზეც საუბრობს და ახალგაზრდებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

"ამ კვირის ბოლომდე უნდა იყოს ეს ექსპერტიზა და მე ვფიქრობ ეს არის ამ საქმის ერთ-ერთი გასაღები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისგან ჩვენ, თუ მივიღეთ კატეგორიული პასუხები და იმედი მაქვს, რომ მივიღებთ, ბუნებრივია ამის შემდეგ დადგება საკითხი კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემისა კონკრეტული მუხლით. ვგულისხმობ გიორგის განზრახ მკვლელობას და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ბუნებრივია ბევრი ეჭვი არსებობს, ძალიან არათანმიმდევრული ჩვენებებია და მგონია, რომ ბოლომდე გულწრფელები არ არიან გამოძიების წინაშე და ხელს არ უწყობენ  გამოძიებას. შესაბამისად მერე საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ყველაფერი, აღარავის დანდობას აღარ ვაპირებთ. ახლა აქვთ შანსი დროულად მისცენ გამოძიებას მამხილებელი ჩვენებები," - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

დღის ამბები