14 აგვისტო 2020,   20:49
ვრცლად
სვანეთში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ - ადგილზე 4 ვერტმფრენი, 200 მეხანძრე-მაშველი და მოხალისეები მუშაობენ

სვანეთში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ. სოფელ ხაიშთან ტყეში გაჩენილი ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-4 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, 3-ის მოხერხდა ლოკალიზება. რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომებში ვერტმფრენები მუშაობენ. მთელი ღამის განმავლობაში ტყეში ცოცხალი ძალის მიერ ტერიტორიის დამუშავება მიმდინარეობდა.

"რთული რელიეფის მიუხედავად სამ კერაზე მთის ერთ ფერდზე მოხერხდა ცოცხალი ძალის და ტექნიკის შეყვანა, სადაც დღისა  და ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ქრობითი სამუშაოები. ყოველივე ამის შედეგად ამ 3 კერაზე გვაქვს უკვე ხანძრის ლოკალიზაცია მთის ერთ ფერდზე, სადაც რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება ცოცხალი ძალის შეყვანა, შესაბამისად ვერც ტექნიკის მობილიზება. სწორედ ამიტომ, აქ უწყვეტად მიმდინარეობს ხანძრის ქრობა ვერტმფრენების საშუალებით," - განმარტა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა.

მესტიაში, ხაიშის სოფელ იდლიანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოსახლეობასთან ახლოს ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე სახლებამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა დასძენენ, რომ ქარმა, შესაძლოა, ხანძარი ისევ გააღვივოს. მიუხედავად იმისა, რომ ღია კერები, ფაქტობრივად მიმდებარედ აღარ შეინიშნება, სოფელში კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.

აქ მცხოვრებმა ოჯახებმა ბავშვები რამდენიმე დღის წინ ტერიტორიას განარიდეს, რადგან ხანძრის ფართოდ გავრცელების საფრთხე არსებობდა.

ამ წუთებში იდლიანის ტყეში 4 ვერტმფრენი, 200 მეხანძრე-მაშველი, 10 სამაშველო მანქანა და ადგილობრივი მოხალისეები მუშაობენ. აქ ხანძარი 4 დღის წინ, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

დღის ამბები