10 აგვისტო 2020,   15:33
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - ირკვევა, რომ დაპირისპირების შემდეგ ფოტოგრაფი მეგობრებთან ერთად სხვა წვეულებაზე წავიდა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებიდან 21-ე დღე და ექსპერტიზის პასუხის მოლოდინი - ვიდრე დოკუმენტი გამოქვეყნდება, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. ირკვევა, რომ მცხეთის გზატკეცილიდან ფიზიკური დაპირისპირებისას გამოქცეული და თბილისში სამართალდამცავების მიერ ჩამოყვანილი იაკობ ბრეგვაძე ჯერ ლისზე, შემდეგ კი თემქაზე ანი გაბეჩავას ნათესავის ბინაში მიდის, სადაც წვეულება გაგრძელდა.

ფოტოგრაფი ადგილზე გაბეჩავასთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად მინიმუმ დილამდე იმყოფება, ამას ფოტოაპარატიდან ამოღებული ფოტოები ადასტურებს. წვეულების ამსახველი ფოტოები "კურიერმა" მოიპოვა.

ჩვენებით, რომელსაც ანა გაბეჩავას ნათესავი  მარიამ ადეიშვილი გამოძიებას აძლევს, ირკვევა რომ ფოტოგრაფმა მომხდარი დაპირისპირების შესახებ მეგობრებს შეხვედრისთანავე უამბო. როგორც ადეიშვილი ჩვენებაში ამბობს, მეგობრები უკვე თემქაზე მისვლის შემდეგ ნერვიულობდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ჩანდა, რაც სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია, რომ იაკობ ბრეგვაძემ შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ახალგაზრდებს მოუყვა. რა იცის იაკობ ბრეგვაძემ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით უცნობია, რადგან საკუთარ ჩვენებაში ის შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არ საუბრობს.

"დავინახეთ ქვეითად მოსიარულე პირი, რომელიც აპირებდა მოპედზე დაჯდომას, ანის მითითებით გავაჩერეთ ავტომობილი და აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება იყო იაკობი, რომლის გვარიც არ ვიცი მაგრამ ყველა მოიხსენიებს ფოტოგრაფად. იაკობი იყო ძლიერ შეშინებული და ბევრს ვერაფერს გვეუბნებოდა, მოგვიყვა მხოლოდ ის, რომ ჩვენი წამოსვლის შემდეგ იქ დარჩენილები წამოსულან ფეხით იმ იმედით, რომ რამეს გამოყვებოდნენ, ფეხით მოძრაობისას მათთან გაჩერებულა ავტომანქანა, საიდანაც გადმოსული პირები შეეცადნენ მათ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, თავად შეშინებული გადამხტარა რაღაც მიტოვებულ შენობაში და მეორე სართულზე დამალულა. ნაწილი გაიქცნენო და ნაწილი სცემესო. ამასთან ახსენებდა, რომ მომსვლელებს რაღაცეები ეჭირათ ხელშიო, ასევე მოგვიყვა. რომ გამოუძახებია პოლიცია რომელთანაც უთქვამს, რომ ფეხით მოდიოდა თბილისში და თავად პოლიციას ჩამოუყვანია თბილისამდე, რის შემდგომაც ტაქსით ამოსულა ლისზე... ამის შემდეგ იაკობიც ჩავისვით ჩვენს მანქანაში და წავედით სახლში, სადაც მისვლამდე გავჩერდით რომელიღაც მაღაზიასთან, სადაც ბიჭებმა იყიდეს სასმელი, ამ დროს ჩემი ძმის მეგობარი ბექა ფიცხელაური წავიდა სახლში, კერძოდ კი, გააჩერა ტაქსი და ჩვენთან ერთად აღარ წამოვიდა. მას შემდეგ, რაც მივედით ჩვენს კორპუსთან და ჩამოვედით მანქანიდან, გარკვეული პერიოდი დავყავით ეზოში, ვინაიდან ბავშვები იყვნენ განერვიულებულები იმის გამო, რომ გიორგი არსად ჩანდა და ამასთან არ უნდოდათ მშობლების განერვიულება. შემდეგ ყველანი ავედით სახლში... აგარაკიდან წამოღებული საჭმლით გავშალეთ სუფრა და ბიჭებმა დაიწყეს დალევა," - ნათქვამია მარიამ ადეიშვილის ჩვენებაში. 

საინტერესოა ის დეტალი, რომ ამავე წვეულებაზე იმყოფებოდა გაბეჩავას მეგობარი ლიზი, რომლისგანაც მეგობრებმა შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეიტყვეს, თავად ლიზი კი ჩვენებაში ამბობს, რომ არ ახსოვს ვინ უთხრა შაქარაშვილის გაუჩინარების ამბავი. სავარაუდოა, რომ მასაც ინფორმაცია იაკობ ბრეგვაძისგან  ჰქონდეს.

დღის ამბები