10 აგვისტო 2020,   15:05
ვრცლად
"კრიტიკული შესწორებები" - ოპოზიციაში კონგრესში წარდგენილ კანონპროექტში შეტანილ შესწორებებს აფასებენ

კონგრესში წარდგენილ კანონპროექტს, რომლითაც საქართველოს შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების 15% შეუჩერდეს, რამდენიმე პირობა დაემატა.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს, რომ საქართველოს მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუციების გასაგრძელებლად.

პირობები მოიცავს: საარჩევნო რეფორმების ეფექტურად განხორციელებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების უფლებების, ასევე მედიის დამოუკიდებლობის დაცვას, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავ წვდომასა და ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვას მთავრობის ფუნქციების შესრულებასა და კანონმდებლობაზე.

"კრიტიკული შესწორებები" - ასე უწოდებენ ოპოზიციაში კონგრესში წარდგენილ კანონპროექტში შეტანილ შესწორებებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამ შესწორებებში მინიშნებულია, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენები უნდა შემცირდეს. 

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას პირდაპირ მიუთითეს, თუ რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, მანამდე უნდა მოიხსნას ზეწოლა ოპოზიციაზე და მედიაზე, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე იქნება,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ამერიკის მიერ საქართველოსთვის დადებული სანქციები სირცხვილი იქნება, არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის", არამედ ქართული საზოგადოებისათვის. 

"ხელისუფლებამ საქართველო, რომელიც რეგიონში ამერიკის ნომერ პირველი პარტნიორი იყო, გადააქცია იმ ქვეყნად, რომელსაც ამერიკა სანქციებს ადებს იმისათვის, რომ მას მართავს არაფორმალურად ოლიგარქი, ეს უკვე სამარცხვინოა არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის", არამედ ეს სამარცხვინოა თითოეული ჩვენგანისთვის," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი. 

განცხადებები არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც გაკეთდა. მათი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში "ქართული ოცნების" ლობისტები აქტიურად ცდილობდნენ დოკუმენტში შესულიყო შერბილებული შესწორებები. თუმცა საბოლოო ჯამში, კონგრესში წარდგენილ კანონპროექტში კრიტიკული შესწორებები შევიდა. 

"დეტალურად ვიცი, თუ როგორ დარბოდა მათი უსუსური ელჩი და როგორ ცდილობდა შეეცვალათ ეს ტექსტი ან უკან გაეწვიათ კონგრესმენებს, მათ ამისათვის მიიღეს გაცილებით მკაცრი გზავნილი ამერიკის მხრიდან. "ქართულმა ოცნებამ" მიიღო იმ კონკრეტული პრობლემების ჩამონათვალი, რასაც საქართველოში ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები,"- აღნიშნავს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები