15 აგვისტო 2020,   06:23
ვრცლად
თურქეთის სასამართლო ხვალ გამოაცხადებს, რომ აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთება უკანონო იყო - Reuters

თურქეთის სასამართლო პარასკევს, 10 ივლისს გამოაცხადებს, რომ 1934 წელს აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთება უკანონო იყო, რაც გზას გაუხსნის მის მეჩეთად გადაქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას, Reuters-ი თურქ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება ქრისტიანების იმედგაცრუებას გამოიწვევს.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საწინააღმდეგო პოზიცია გააჟღერა რუსეთის პატრიარქმა კირილემაც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საბერძნეთის ხელისუფლებამ თურქეთის მთავრობას მოუწოდეს, რომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი შეუნარჩუნდეს. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო და განაცხადეს, რომ ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

თურქეთში ბევრს მიაჩნია, რომ აია-სოფიას ამჟამინდელი სტატუსი ქვეყნის სეკულარული კონსტიტუციის სიმბოლოა.

აია-სოფია წარმოადგენს ბიზანტიური "ოქროს საუკუნის" სიმბოლოს. ტაძარი შენდებოდა 324-337 წლებში. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო  უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. 1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთდა მუსლიმურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.

1934 წელს აია-სოფია მუზეუმად თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით გადაკეთდა. მისი თქმით, აია-სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა ყოფილიყო. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად "მსოფლიო მემკვიდრეობის" ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

დღის ამბები