09 აგვისტო 2020,   05:57
ვრცლად
სუსი ​2019 წლის ანგარიშს დღეს კანონმდებლებს წარუდგენს

ოკუპირებული ტერიტორია, ტერორიზმი, სახელმწიფო უსაფრთხოება, კონტრდაზვერვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - დღეს სუსი ​2019 წლის ანგარიშს კანონმდებლებს ჩააბარებს. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა გასულ წელს არსებულ გამოწვევებს თავი კარგად გაართვა, თუმცა აქვთ კონკრეტული შეკითხვებიც." ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ნაწილად მიიჩნევენ სუსს ოპოზიციაში და ხელისუფლებას აფრთხილებენ. "ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ სხდომაზე დასწრებას აპირებს.

"სუსი და ძალოვანი სტრუქტურები გადაქცეული არიან "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ნაწილად. ახლა არჩევნების წელია და მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ მსგავსი შემთხვევების გამეორების შემთხვევაში ეს ძალიან ცუდად დაუჯდება როგორც სახელმწიფოს ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილს. ასევე ძალიან გააქტიურებულია რუსეთის აგენტურა და ჰიბრიდული ომის მეთოდები," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, სუს-თან შეკითხვები იქნება კონტრსადაზვერვო და ანტიტერორისტულ  საქმიანობასთან დაკავშირებითაც:

"გვექნება მთელი რიგი შეკითხვები, რომელიც პირველ რიგში იქნება ოკუპაციისგან გამომდინარე საფრთხეებზე და გამოწვევებზე. ასევე მიმოვიხილავთ კონტრსადაზვერვო და ანტიტერორისტულ  საქმიანობას, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მთლიანობაში სამსახურის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. მისი შეკითხვები კი ე.წ რბილ ძალის შესახებ და მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებზე იქნება.

დღის ამბები