07 აგვისტო 2020,   18:55
ვრცლად
პარლამენტში სუსის ანგარიშით ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარსდგება - რა თემებზე აპირებენ ყურადღების გამახვილებას დეპუტატები

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ჩაიბარებს. სხდომა ნაწილობრივ დახურული იქნება. დეპუტატების წინაშე არა უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, არამედ მისი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარსდგება. ის ისაუბრებს იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა და ასევე დაასახელებს მთავარ გამოწვევებსაც. ანგარიშის პრეზენტაციის ნაწილი იქნება საჯარო. ამის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით, დახურულ ფორმატში გაგრძელდება. თავდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრება ოპოზიციაც.

"სუსი ყოველთვის არის გამოყენებული, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტიტუტი, ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მიერ. მთავარი შეკითხვა იქნება ერთი აშშ-ის კონგრესისა და მრავალი სხვა ინსტიტუტების განცხადებების მერე, გაბედავს თუ არა სუსი კვლავ ჩაერიოს არჩევნების პროცესში. ამ მოხსენებაში რუსეთი 2-ჯერ არის ნახსენები მხოლოდ ისეთ კონტექსტში როგორიცაა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა რუსეთის ხელშეწყობით," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომა გოცირიძე.

უწყების კომპეტენციის აღრევაზე საუბრობს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე

"სუს-ის წლიური ანგარიში ადასტურებს მორიგ ჯერზე ადასტურებს რომ უწყება არის უკიდურესად პოლიტიზირებული და საკუთარ კომპეტენციაში კარგადაც ვერ ერკვევა," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ, მისი თქმით, სუსი ნაცვლად იმისა რომ რუსულ პროპაგანდას ებრძოლოს დაკავებულია ტელევიზიაში გასული სიუჟეტების გამოძიებით და თავისუფალ აზრზე ზეწოლით

დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მათი კითხვები სხვა თემებთან ერთად  კონგრესში საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებულ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას უმრავლესობა. სოფო კილაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის დასახელებული ერთ-ერთ წარმატებულ უწყებად.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი ამბობს, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ უწყების პოლიტიზირებისგან დაცვა.

"სუსი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, ამიტომ იქ სადაც არის საერთო ეროვნული ინტერესი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას და ამაზე არის დაფუძნებული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.სასურველია მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ არ მოხდეს ამ უწყების პოლიტიზაცია," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები