15 აგვისტო 2020,   02:39
ვრცლად
კონგრესის კომიტეტის მიერ მიღებულ ცვლილებების დოკუმენტს ოპოზიციაში საქართველოს საგანგაშო აქტს უწოდებენ

საფრთხე, რომ შესაძლოა საქართველოს 15%-ით შეუმცირდეს დაფინანსება შეერთებული შტატებიდან - ისევ ძალაშია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა 29 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს დაფინანსებაზეა საუბარი. დოკუმენტით, რომლის წინააღმდეგაც 21 კანონმდებელი წავიდა, განსაზღვრულია, რომ საქართველო მომავალ, ანუ 2021 წელს დახმარების სახით 132 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს. თუმცა ამ დახმარების 15% შესაძლოა გაუქმდეს. ეს საბოლოოდ მაშინ დაზუსტდება, როცა შტატების სახელმწიფო მდივანი კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, სადაც საუბარი იქნება თუ რამდენად ეფექტიანად დგამს ნაბიჯებს საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვის კუთხითაც.

ოპოზიციაში კონგრესის კომიტეტის მიერ მიღებულ ცვლილებების დოკუმენტს ქვეყნისთვის საგანგაშო აქტს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" შეცდომები ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გამოხმაურებები რუსულ რიტორიკას ჰგავს:

"ბატონი გახარიას რიტორიკა ძალიან ემსგავსება რუსი პოლიტიკოსების რიტორიკას, რომლებიც საუბრობენ ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე, როდესაც ესა თუ ის დასავლური ქვეყანა ან მათი პოლიტიკური მართვის ორგანო აკრიტიკებს ხელისუფლებას დემოკრატიის სტანდარტების გამო. აშშ ელოდება ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს, რომელიც გახდის შესაძლებელს, რომ ამერიკელი ხალხის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარება მივიდეს ხალხთან და შესაბამისად ამ დახმარების განკარგვა მოხდეს იმ მთავრობის მიერ რომელსაც აქვს დემოკრატიული მანდატი," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ იმ შეშფოთებამ რომელიც აქამდეც არსებობდა აშშ-ში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, უკვე დოკუმენტის სახე მიიღო:

"ის აზრი, რომელიც აქამდეც იყო ჩამოყალიბებული და გავრცელებული ვაშინგტონში, რომ ოლიგარქიულ მმართველობა, როდესაც ძალაუფლება არის იმ პირის ხელში, რომელიც არ იკავებს თანამდებობას, არის ცუდი, ეს აზრი უკვე არის ქაღალდზე, საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბებული, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საკანონმდებლო ორგანოს ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე კომიტეტში," - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დებს ხელისუფლებას ბრალს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე:

"ეს არის დიახაც სანქცია, და აქ იმდენად ფინანსების მოცულობაზე არაა, რამდენადაც იმაზე, რომ საქართველო სანქცირებულ ქვეყნებს შორის არის აშშ-ის მხრიდან. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, როდემდე უნდა მივცეთ ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვის საშუალება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები