14 აგვისტო 2020,   00:11
ვრცლად
ქართულ-გერმანული დასახლება ასურეთში ტურისტების მისაღებად მზად არის - რეგიონს დღეს პრემიერი სტუმრობდა

ქართულ-გერმანული დასახლება ასურეთში ტურისტების მისაღებად მზად არის.

საცხოვრებელ სახლებს, მრავალსაუკუნოვან ეკლესიას, ისტორიულ სასაფლაოს და შიდა გზებს პირვანდელი იერსახის შენარჩუნებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2 საუკუნოვანმა დასახლებამ, ქართველების და გერმანელების ცხოვრების წესი გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ, გერმანული კულტურის გავლენებზე ადგილობრივი ქართველები ისევ საუბრობენ.

მამუკა რამინაშვილი, რომელსაც წლებია სახლში მარანი აქვს, ჰყვება, რომ ქართულ-გერმანული მეთოდით დამზადებული ღვინო ტურისტების ყველაზე საყვარელი სასმელია, წინაპრებისგან მემკვიდრეობით დატოვებული მარანი კი უცხოელი ტურისტების სიმრავლით ყოველთვის გამოირჩევა, თუმცა მეღვინე ამბობს, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ვიზიტორების რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის.

ტურიზმის განვითარებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ისტორიულ დასახელებაში განხორციელებული პროექტი. გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან ერთად, უკვე დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, რომელმაც გერმანულ და ქართული მეთოდით დამზადებული ღვინო დააგემოვნა.

გერმანულ-ქართულ დასახლებაში ადგილობრივების ერთადერთი შემოსავლის წყარო ტურიზმია. რეაბილიტაციის მიუხედავად, ასურელები სხვა პრობლემებზეც საუბრობენ და მთავრობას მიმართავენ.

გერმანულ-ქართული დასახლება ქვემო ქართლში ერთადერთი ადგილი არაა, რომელიც ტურისტების მისაღებად აქტიურად ემზადება.​

დაშბაშის კანიონი ექსტრიმის მოყვარული ტურისტებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე სასურველ ადგილად ითვლება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქ უკვე დაიწყეს. ვიზიტორებს სრული დატვირთვით მომავალი წლის დასაწყისიდან უმასპინძლებს.

ქვემო ქართლის გარდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სამთავრობო პროექტი სხვა რეგიონებშიც განხორციელდება. პარალელურად კამპანია "იმოგზაურე საქართველოსთვის" ქვეყნის მასშტაბით უკვე მიმდინარეობს.

დღის ამბები