11 აგვისტო 2020,   02:13
ვრცლად
მუდმივად გვესმის სიცრუე, რომ თითქოს რაღაცა სანქციები დაგვიწესეს, თითქოს ეს არის განაჩენი ამ ხელისუფლების მიმართ - დავით ზალკალიანი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტავს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. დავით ზალკალიანის თქმით, სიცრუე და ტყუილია, რომ აშშ-მა საქართველოს რაიმე სახის სანქცია დაუწესა:

"მუდმივად გვესმის სიცრუე, ტყუილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაცა სანქციები დაგვიწესეს, თითქოს ეს არის განაჩენი ამ ხელისუფლების მიმართ და გააჩინონ საზოგადოებაში ნარატივი, რომ თითქოს აშშ  ამ ხელისუფლებას მხარს არ უჭერს. არამც და არამც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის დათქმა, რომელზეც ჩვენ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს ვიმუშავებთ,"- აცხადებს დავით ზალკალიანი.

აშშ-ის კონგრესის ის კომიტეტი, რომელიც ამერიკულ ფულს განკარგავს, საქართველოს დასახმარებელი ფულის 132 მილიონის 15%-ის გასაცემად  მაიკ პომპეოსგან გარანტიების მოსმენას ითხოვს, რომ საქართველო ნამდვილად დემოკრატიულად ვითარდება, კორუფციას ებრძვის და არც უცხოურ ინვესტიციებთან აქვს პრობლემა.  ოპოზიცია მსგავს პირობებს სანქციის დაწესების ტოლფასად მიიჩნევს, უმრავლესობა კი მიიჩნევს რომ ამ პირობის გამოყენება საჭირო არ იქნება, რადგან საქართველო დემოკრატიული პრინციპების ერთგულია.

ასიგნებათა კომიტეტში დამტკიცებულ კანონპროექტს თან ანგარიშიც ახლავს, რომელიც კანონქვემდებარე აქტს არ წარმოადგენს, თუმცა მასში ის საკითხებია თავმოყრილი, რომლის გატანაც დოკუმენტში კონგრესმენების ნაწილს სურდა, მასში ოლიგარქიულ გავლენებზე და მედიის, მესამე სექტორისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროვებაზეა საუბარი. ეს ჩანაწერი კანონის საბოლოო კანონპროექტში ვერ მოხვდა. 

დღის ამბები