14 აგვისტო 2020,   00:52
ვრცლად
პირველკლასელთა რეგისტრაცია 20 აგვისტოს ნაცვლად, 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება

განათლების მინისტრის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპის ვადები შეიცვალა.

20 აგვისტოს ნაცვლად, პროცესი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა.

"სამინისტროში შემოსული დიდი რაოდენობით მოქალაქეთა განცხადებების გათვალისწინებით, რომელთა შვილები ელექტრონული რეგისტრაციით ვერ მოხვდნენ სასურველ ან ვერცერთ ახლომდებარე სკოლაში და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩაითვალა დაჩქარდეს რეგისტრაციის მე-4 ეტაპის დაწყება რათა დარჩენილ ადგილებზე სკოლებს დროულად მიეცეთ შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვები ჩარიცხონ. სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ, ,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე),"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები