15 აგვისტო 2020,   18:00
ვრცლად
"არის საშიშროება, მარეგულირებელმა ბოროტად გამოიყენოს მისი უფლება" - ექსპერტები "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, ექსპერტები ეხმაურებიან.

"შესაბამისი ცვლილებით ხელისუფლება ენერგოკომპანიების გაკონტროლებას ცდილობს" - ოპოზიციის მსგავსად ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტთა ნაწილიც. თუმცა არიან ანალიტიკოსებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი პროცესის გამჭვირვალობისთვის არის შექმნილი და რომ მსგავსი სისტემა ევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.

"ის კომპანიები, რომლებიც გვყავს, მაგ კომპანიებში წილების გადანაწილების რაიმე მასშტაბური მოძრაობები კარგა ხანია არ ფიქსირდება. შესაბამისად, ვინმეს შესაზღუდად ან ვინმეს წასახალისებლად მეეჭვება რომ იყოს ეს კანონპროექტი შემუშავებული, იმიტომ, რომ ის არ გულისხმობს უფლების არ მიცემას ან აკრძალვას კანონიერი ოპერაციის. ის გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ გარიგება იყოს გამჭვირვალე, ჩანდეს თუ ვინ ყიდულობს, ვინ ყიდის, რა პირობებში ყიდის და ხომ არ დააზარალებს ეს საბოლოო ჯამში მომხმარებელს," - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

"სკეპტიკურად ვიქნებოდი ამ შემთხვევაში განწყობილი, იმიტომ, რომ როგორც წესი მარეგულირებლები მუდმივად თავს იზღვევენ ხოლმე, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება ჩაუვარდეთ ხელში. არის საშიშროება, რომ მარეგულირებელმა ბოროტად გამოიყენოს მისი უფლება, რომ რაღაცნაირად შეზღუდოს კომპანიები აქტივების გაყიდვისგან," - აღნიშნა ფინანსისტმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიგა ბედინეიშვილმა

ცნობისთვის, საუბარია პროექტზე, რომლის თანახმადაც სემეკს უფლება ეძლევა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გაყიდვა აუკრძალოს.

დღის ამბები