15 აგვისტო 2020,   06:43
ვრცლად
ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე და ვიდეო კადრები, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა​

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ის 10 დღიანი ვადა ამოეწურა, რომელიც უწყებას პროკურატურამ მისცა. ამ დროის განმავლობაში მცხეთის პოლიციას ხელახლა და მკაცრად უნდა გამოეკითხა ყველა, ვინც 18 ივნისის დაპირისპირებაში და ნარეკვავის დასახლებაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთებულიყო საეჭვო მოწმეებზე, რომლებიც გამოძიებისთვის ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზით ჩვენებებს ცვლიან. ამას გარდა დაზარალებული ოჯახი დამატებით ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებს ელოდება, რომლის მიხედვითაც უფრო მკაფიო გახდება - ვინ აედევნა გიორგი შაქარაშვილს, ვინ სცემა და ვინ მიიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელი სიკვდილამდე.

საქმესთან დაკავშირებით თითქმის ყოველდღე დამატებითი, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მაგალითად, მე-17 ტომში არის ანძების ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ დაპირისპირების მონაწილე პირები უკავშირდებიან თბილისში, ნაძალადეველ ადამიანებს, ვისი დახმარების იმედიც აქვთ და სთხოვენ, რომ არაგვის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიდნენ და ადგილიდან წაიყვანონ.

პირები, რომლებსაც ისინი უკავშირდებიან პირველ ეტაპზევე გამოიკითხნენ, მათ ინფორმაცია დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჰქონდათ, მაგრამ უშუალოდ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ.

ყველა მათგანი საკუთარ ჩვენებაში ჰყვება, რომ არაგვის მიმართულებით დაიძრნენ, იმ ტერიტორიაზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, თუმცა გარკვეული მიზეზების შემდეგ ყველა მათგანი საგურამოდან თბილისისკენ დაბრუნდა, შესაბამისად უშუალოდ დაპირისპირებასთან მათ შემხებლობა არ ჰქონიათ.

გარდა ამისა, "კურიერმა" ვიდეო კადრები მოიპოვა, რომელზე დაყრდნობითაც ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლებელია აღნიშნული პირები სწორედ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომანქანით მისულიყვნენ იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც დაპირისპირება მოხდა. ეს ჩანს ვიდეო კადრებშიც და ცნობილია ასევე ისიც, რომ პირები, რომლებსაც დაპირისპირებაში მონაწილე ადამიანები უკავშირდებოდნენ, სწორედ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

რატი ტუსიაშვილის ჩვენება: (ნაძალადევი)

"ნიკა ხეჩოშვილმა მითხრა, ვიყავი საგურამოშიო და ვიჩხუბე დაბადების დღეზეო, ვისთან იჩხუბა ან ვისი დაბადების დღე იყო, არ ვიცი. ნიკა ხეჩოშვილს სახეზე ჰქონდა მცირე დაზიანებები, რომელიც მოვაბანინე წყლით. ამის შემდეგ ჩემი მეგობრის "ტოიოტას" ავტომანქანით ხეჩოშვილი ჩამოვსვი მე-11 საშუალო სკოლასთან. იმავე ღამით, უკვე 19 ივნისს მე ჩემი კუთვნილი ავტომობილით "მერსედესის" მარკით მარტო წამოვედი თბილისიდან საგურამოს მიმართულებით, საგურამოსთან დავატრიალე ავტომანქანა და გავბრუნდი უკან თბილისში. ვიყავი მარტო."

გიგა ჭანტურიას ჩვენება:

"სანამ უბანში მივიდოდი, მე შევიარე ჩემს ძველ საცხოვრებელ ეზოში, შემხვდნენ ჩემი ნაცნობები, ვინმე ყაველაშვილი და ვინმე აგო. საუბრისას მათ მითხრეს, რომ მცხეთაში უნდოდათ წასვლა, მე მათ შევთავაზე, რომ თუ შორს არ აპირებდნენ წასვლას, წავიყვანდი. ყაველაშვილმა მთხოვა, რომ ჩემი მობილური ტელეფონით ესარგებლა, რაზეც დავთანხმდი. ყაველაშვილმა დაურეკა ვიღაც ჩემთვის უცნობ პიროვნებას და სთხოვა მანქანით დახვედროდა და ენახებინა ის ადგილი, სადაც მივდიოდით. როგორც ყაველაშვილმა და აგომ საუბარში განმიმარტეს, ვიღაც მათ ნაცნობებს კონფლიქტი მოუვიდათ მცხეთაში და იქ უნდა მივსულიყავით. ამ დროს ჩვენ მივდიოდით მცხეთის მიმართულებით, ამ პერიოდში აგოს დაურეკა დედამისმა და სთხოვა, რომ ცუდად იყო და მალე მისულიყო. როდესაც მივუახლოვდით ჯვრის მონასტრის ქვედა ტერიტორიას, ყაველაშვილს დაურეკა ვიღაც პიროვნებამ და საუბრის დასრულებისას მითხრა, რომ უკან მივბრუნებულიყავით."

ბესიკ გობეჯიშვილის ჩვენება:

"გავიგე, რომ გიორგი მერაბიშვილს დაურეკავს ვიღაცისთვის და უთქვამს, რომ მის წამოსაყვანად წასულიყვნენ. მე ჩემი მეგობრის ავტომანქანით წავედი მერაბიშვილის წამოსაყვანად საგურამოს მიმართულებით, გავაჩერე ბენზინგასამართ სადგურთან დიღმის გზაზე, ამის შემდეგ გადავუხვიეთ ნატახტართან. ავედით ნატახტარში მდებარე რესტორან "იმერულ ეზოსთან" და დავპარკინგდით, რადგან არ ვიცოდით სად მივდიოდით და ველოდებოდით ზარს. ამ დროს მანქანაში მყოფ ერთ პირს დაურეკეს და უთხრეს, რომ გიორგი მერაბიშვილი მიდიოდა უკვე თბილისის მიმართულებით. ამის შემდეგ მე და ჩემს ავტომანქანაში მყოფი პირები წავედით თბილისში."

საქმის მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ დამატებით არიან ადამიანები, რომლებსაც დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ და ასევე ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არაგვის ტერიტორიაზე ჩავიდნენ, რათა დაპირისპირების მონაწილეები ტერიტორიიდან წამოეყვანათ.

მსგავს სატელეფონო ზარს ახორციელებენ საბურთალოელებიც. მათთან მიდის მათი მეგობარი, რომელსაც ადგილიდან დაპირისპირების მონაწილეები მოჰყავს. ამავდროულად, ჩვენებით ცნობილი ხდება, რომ ისინი დაკარგულ გურამ ამირხანაშვილს და ასევე გიორგი შაქარაშვილს ეძებენ, თუმცა ტერიტორიაზე ვერ პოულობენ და თბილისში ბრუნდებიან.

გუგა მაჭავარიანის ჩვენება (საბურთალო):

"ჩვენ ჩვენი უბნელების ორი მანქანით წავედით ქათამაძის და ახვლედიანის წამოსაყვანად და როდესაც მივედით დანიშნულების ადგილზე, ჩვენ დაძახებაზე ჩვენი მეგობრები საავტომობილო გზაზე იქვე არსებული ბუჩქებიდან გამოვიდნენ, ხოლო მათთან არ იყო ის ორი პირი, ვინც ჩვენ ანას დაბადების დღეზე გავიცანით. ამის შემდეგ ჩვენ იმ ადგილებში დავძებნეთ ის ორი პიროვნება, მაგრამ ვერ ვნახეთ, რის შემდეგაც წამოვიყვანეთ ქათამაძე და ახვლედიანი და დავბრუნდით თბილისში."

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც "კურიერისთვის" ხდება ცნობილი - დაახლოებით 2 საათსა და 44-45 წუთზე ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ იმ სახლში, სადაც წვეულება მიმდინარეობდა, ჩადის ავტომანქანა, თუმცა ის ცენტრალურ გზას არ იყენებს და ტერიტორიაზე ნარაკვევის მხრიდან მიდის. კონკრეტულად ვინ მიდის ტერიტორიაზე - უცნობია. "კურიერისთვის" ცნობილია, რომ ამ დროს სახლში წვეულების არც ერთი მონაწილე არ იმყოფებოდა.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები