11 აგვისტო 2020,   01:25
ვრცლად
ეს კანონი ბიზნესს საკუთარი აქტივის განკარგვის უფლებას უზღუდავს - ოპოზიცია "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს 5 პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.

შესაბამისი ცვლილებები "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შედის.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები კანონში შესატან ამ ცვლილებებს არ ეთანხმებიან. ოპოზიციის წევრების განცხადებით, ცვლილებები კიდევ ერთი გზაა ხელისუფლებისთვის, რომ მათ კერძო კომპანიები საკუთარი ინტერესების ქვეშ მოაქციონ. ოპოზიციის წევრების თქმით, ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ კერძო კომპანიები საკუთარ წილებს საკუთარი სურვილისამებრ ვერ გაასხვისებენ, უცხოელი ინვესტორები კი მსგავსი შეზღუდვების პირობებში ინვესტიციებს ამ კომპანიებში აღარ ჩადებენ.

"ენერგეტიკის ერთ სეგმენტში, როგორიც არის დისტრიბუცია, როგორიც არის გადაცემა და ასე შემდეგ და რომელიც ეხება როგორც გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორს - საკუთარი ქონების, საკუთარი აქტივის განკარგვის უფლებას უზღუდავს ეს კანონი ბიზნესს. იქამდეც კი მიდის საქმე, რომ გვარი და სახელი და ბიოგრაფიული ცნობები უნდა იყოს ინვესტორის, ვინც კი იყიდის ენერგეტიკის სექტორში რაიმე აქციებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით არ შემოვა ინვესტიცია," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"როდესაც ასეთი ნაბიჯი იდგმება, ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რა ამოძრავებს მარეგულირებელს და ხელისუფლებას. შესაბამისად, ამაზე პასუხი შეიძლება იყოს, რომ ან სწრაფად გატანის პირობებში უნდათ, რომ კონკრეტული კორუფციული გარიგებები არსებობდეს, ან რაღაც პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებთ, ან რაღაც შიდა დაპირისპირება. სხვა შემთხვევაში ახსნა იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი ასე სწრაფად რატომ უნდა შემოიტანონ, უბრალოდ არ არსებობს," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, თუ კანონპროექტში არის კონკრეტული დებულებები, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საკუთრების უფლების არათანაზომიერ შეზღუდვას, ეს გამოსწორდება.

 

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები