11 აგვისტო 2020,   02:17
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "კურიერმა" სატელეფონო ანძების ჩანაწერების მეშვეობით ახალი დეტალები გაარკვია

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახის წევრებთან, ასევე, 19 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის ფარგლებში დაკავებულ პირებთანაც.

ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ომბუდსმენის აპარატი - რა როლით იქნება ჩართული გამოძიებისა და ჭეშმარიტების დადგენის პროცესში.

შესაძლოა, რომ ნინო ლომჯარიამ მიმართოს პროკურატურასაც, მისცენ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებსა და გამოძიების შედეგებზე.

იქამდე კი ამ მასალების გაცნობას განაგრძობენ ადვოკატებთან ერთად ჟურნალისტებიც. სატელეფონო ანძების ჩანაწერებით ირკვევა, რომ 1:48 წუთზე, მაშინ, როდესაც არაგვის ხიდზე დაპირისპირება დასრულებულია, დაშავებული გიორგი ქათამაძე უკავშირდება დაკავებულ ჩიქოვანს, თუმცა რასთან დაკავშირებით მოხდა მათი კომუნიკაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობილია, რომ პირველი საათიდან ორ საათამდე გამვლელმა ავტომობილმა, "მერსედესის" მარკის ავტომობილიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანი ლ.შ თბილისში ჩამოიყვანა.

ირაკლი ახალაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სწორედ იმ ავტომობილში იჯდა, რომლის მეშვეობითაც ორი პირი მცხეთიდან თბილისში ჩამოვიდნენ, მათ შორის, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

"მცხეთასთან როდესაც გავიარეთ ხიდი, გზაზე დავინახეთ 2 ახალგაზრდა მამაკაცი. რომლებიც იქნევდნენ ხელს და ცდილობდნენ გაეჩერებინათ მანქანა. მე და გიორგიმ გავუჩერეთ აღნიშნულ პირებს მანქანა. როგორც მახსოვს ამ დროს იქნებოდა ღამის 01:00-დან 01:30-მდე. მანქანა გავაჩერეთ ხიდის გავლის შემდგომ დაახლოებით 10 მეტრში მარჯვენა მხარეს, მეორეხარისხოვან გზაზე. ის ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს თბილისამდე ჩაყვანა. რაზეც გიორგი დაეთანხმა და ისინი დასხდნენ უკანა სავარძელზე... ბიჭებმა გვთხოვეს, თუ შეგვეძლო ისინი გაგვეყვანა "ნახალოვკაში" კიკვიძის ბაღის მიმდებარედ, რაზეც დავეთანხმეთ... ორი ახალგაზრდა იქნებოდა დაახლოებით 18-20 წლის ასაკის,"- ნათქვამია ჩვენებაში.

გიორგი გაბრიჭიძე კი ის ადამიანია, რომელიც საჭესთან იჯდა და ახალგაზრდებს ავტომობილი გაუჩერა. ის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ახალგაზრდის ამოცნობა შეუძლია.

"ნახვის შემთხვევაში, შესაძლოა, ამოვიცნო მხოლოდ გრძელთმიანი პიროვნება. მოგახსენებთ, რომ არც გრძელთმიანი პიროვნების და არც მასთან მყოფი პირის მოყვანილობა არ მახსოვს და არ შემიძლია მათი აღწერა. მე მათი სახეები არ მახსოვს, რაც დამამახსოვრდა იყო მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი იყო მაღალი და სუსტი და ჰქონდა გრძელი თმები,"- ნათქვამია ჩვენებაში.

შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, დამატებითი ექსპერტიზაც გახდეს საჭირო, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოძიება თუ მიმართავს კომპლექსურ ექსპერტიზას.

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ”ვექტორის” დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული საქმეში კომპლექსური ექსპერტიზის ჩარევა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი აცხადებს, რომ შესაძლოა პროკურატურას მიმართოს, რადგან საქმის მასალებთან წვდომა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, რაც შეეხება გამოძიებას, შეცვლილია მუხლის კვალიფიკაცია და გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები