03 აგვისტო 2020,   15:55
ვრცლად
ხარაგაულის მერმა სამ წლიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა, საკრებულოში მერის გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ

ხარაგაულის მერის კაბინეტი დღეს ნიკოლოზ თოფურიძისთვის დაიკეტა. არასრული სამწლიანი მუშაობის შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. უკვე ყოფილმა მერმა პოსტიდან წასვლის მიზეზებზე არ ისაუბრა, განმარტება მხოლოდ სოციალურ ქსელში გააკეთა და თქვა, რომ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ოფიციალური განცხადება მუნიციპალიტეტის თვითმმართველმა ორგანომ უკვე მიიღო. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ყოფილი ხელმძღვანელის პირადი განცხადების მიღმა, სხვა რეალობას ხედავენ. ხელისუფლების ოპონენტები თოფურიძის პოსტიდან წასვლას შიდა დაპირისპირებას უკავშირებენ.

გუნდში დაპირისპირების ვერსიას არ იზიარებენ ხარაგაულის საკრებულოს უმრავლესობაში. დეპუტატები ხელმძღვანელის მიერ პოსტის დატოვებას პირადი ინტერესით ხსნიან, თუმცა ყოფილი თანაგუნდელის საქმიანობის შეფასება საზოგადოებას მიანდეს.

ნიკოლოზ თოფურიძის გადადგომის მიზეზებზე ვრცლად არც ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა. მანანა ბარბაქაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს და ამ დრომდეც პოსტზე გუბერნატორის თხოვნის გათვალისწინებით რჩებოდა.

13 ივლისიდან გამგებლის მოვალეობას ხარაგაულში ნიკოლოზ თოფურიძის მოადგილე, თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.

დღის ამბები