07 აგვისტო 2020,   19:34
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაძალადეველი მოწმეები მეორედ დაიკითხნენ - არის თუ არა ახალი დეტალები ამ დრომდე ბურუსით მოცულ საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვები ყოველდღიურად მიმდინარეობს. მცხეთის სამმართველოში ნაძალადეველი პირები დაიკითხნენ, რომლებიც მცხეთაში თავიანთი მეგობრების ჩამოსაყვანად ჩავიდნენ.

აღნიშნული პირები გუშინ უკვე მეორედ დაიკითხნენ. ერთ-ერთი მათგანი ბესიკ გობეჯიშვილია, რომელიც ჩვენებაში აღწერს, როგორ ჩავიდნენ მცხეთაში და დაბრუნდნენ უკან დედაქალაქში.

"მე თემო კეტაშვილის ავტომანქანით წავედი გ.მ-ს წამოსაყვანად საგურამოს მიმართულებით. ავტომანქანას ვმართავდი მე. ავედით ნატახტარში მდებარე რესტორან "იმერულ ეზოსთან". ველოდებოდით ზარს იმ პირისგან, ვინც გვეტყოდა ზუსტად სად წავსულიყავით. ავტომანქანაში მყოფ ერთ პირს დაურეკა ტელეფონმა და უთხრა, რომ გ.მ. უკვე მათთან ერთად იყო და მიდიოდა თბილისის მიმართულებით, ამის შემდეგ მე და ჩემს ავტომანქანაში მყოფი პირები წამოვედით თბილისში,"- ნათქვამია ჩვენებაში.

მეორე დაკითხული მოწმე გიორგი ყაველაშვილია. ის თავის ჩვენებაში წერს, რომ თბილისში საგურამოს შესასვლელიდანვე მობრუნდნენ.

"გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც წავსულიყავით მოსაძებნად. იქ მყოფი პირები გადავნაწილდით ავტომანქანაში. საჭესთან დაჯდა გიგა ჭანტურია და გავემართეთ საგურამოს მიმართულებით. ბესიკ გობეჯიშვილი წავიდა "ტოიოტა ვიტსით". საგურამოს შესასვლელთან რომ მივედით, გავაჩერეთ ავტომანქანა, რომ გაგვეგო სად იყვნენ ბესიკ გობეჯიშვილი და მისი მგზავრები. დავურეკე, რაზეც მიპასუხა, რომ მასთან ავტომანქანაში მყოფი ბიჭები დაეკონტაქტნენ სხვა პირებს, რომლისგანაც გაიგეს, რომ გ.მ., ვის წამოსაყვანადაც მივდიოდით, უკვე ნანახი იყო. ბესომ მითხრა, რომ მიემართებოდა თბილისისკენ და თქვენც გამობრუნდით უკანო, მე და ავტომანქანაში მყოფი პირები საგურამოს შესასვლელიდან მოვბრუნდით თბილისისკენ,"- ნათქვამია ჩვენებაში.

საქმის ახალ მტკიცებულებებს ელოდებიან ადვოკატები, რომელიც ახალი ჩვენებების მიხედვით გაირკვევა. 

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 23 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვნეს. უცნობია, გარდაცვალების დეტალები.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი, ბრალი გადაკვალიფიცირებულია და გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები