03 აგვისტო 2020,   16:31
ვრცლად
მთელი დასავლეთი მობილიზებულად აყენებს თავის მოთხოვნებს - ოპოზიცია ევროპარლამენტის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშზე

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს - აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში მოხვდა.

დოკუმენტში კომიტეტმა რამდენიმე შესწორება მიიღო. ამ დროისთვის ევროპარლამენტის ვებგვერდზე ანგარიშში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნებული არ არის, თუმცა პლატფორმა "სქრიბდზე" ატვირთულ 10-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ევროპარლამენტი პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის ფაქტს მაღალ შეფასებას აძლევს და მხარეებს შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს.

ოპოზიცია ყურადღებას ძირითადად სამ საკითხზე ამახვილებს, მთავრი აქცენტი კი 8 მარტის შეთანხმებაზე აქვთ.

"ეს არის ევროპარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება და არა რომელიმე ცალკეული დეპუტატის სურვილი. დოკუმენტში წერია, რომ არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა კვლავ გრძელდება. ამასთან მოწოდებულია, რომ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება შეწყდეს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

მმართველი გუნდის ოპონენტები იმ რეკომენდაციაზეც საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებამ ევროპარლამენტარებისგან მიიღო. მათი განმარტებით, დოკუმენტი არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარებას ითვალისწინებს.

"დოკუმენტში საუბარია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ხაზგასმულია, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს და გიორგი რურუა გათავისუფლდეს. სწორი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან იქნება კონკრეტული რეკომენდაციებისა და გზავნილების შესრულება,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე. 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, დასავლეთი მობილიზებულად აყენებს თავის მოთხოვნებს, რაც აუცილებელია საარჩევნო პროცესის ნორმალურ პირობებში მოსაქცევად.

"ვხედავთ, რომ მთელი დასავლეთი მობილიზებულად აყენებს თავის მოთხოვნებს, რაც აუცილებელია ჩვენი საარჩევნო პროცესის ნორმალურ პირობებში მოსაქცევად. აქედან გამომდინარე, თუ მმართველი გუნდი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დავით ჭიჭინაძე. 

 

 

დღის ამბები