07 აგვისტო 2020,   19:04
ვრცლად
დაიწყო პროცესი, რომლითაც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი კიდევ უფრო გაძლიერდება - ვახუშტი მენაბდე

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს.

დღეს საბჭოში ორ მოსამართლეს - აბუსერიძე გოჩას და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

პარალელურად კი მოსამართლეების მოსმენის ფონზე აქცია მიმდინარეობს - "კლანი უნდა წავიდეს" .

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, იუსტიციის საბჭოში კლანის ინტერესებს ემსახურებიან.

"დაიწყო პროცესი, რომლითაც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი კიდევ უფრო გაძლიერდება, ეს ხალხი ემსახურება კლანის ინტერესებს და არა ხალხის ინტერესებს,"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი თვლის, რომ საბჭო ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას არც ამჯერად მიიღებს.

"არ მჯერა, რომ იუსტიციის საბჭო ამჯერად მაინც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას ხალხის სასარგებლოდ მიიღებს. მათ ხელში ბერკეტები უნდათ,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
გიორგი მიქაუტაძე კი აცხადებს, რომ პროცესი გამჭვირვალეა და არანაირი დარღვევა არ არსებობს.

"ეს არის მუდმივად, ერთი და იმავე სახის უარგუმენტოდ გასროლილი სიტყვები, რომელსაც მერამდენედ ვისმენთ, პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩატარდა,"- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები