03 აგვისტო 2020,   16:07
ვრცლად
პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობისთვის საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების უფლებას ოპოზიცია ანტიკონსტიტუციურს უწოდებს

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში" შესული ცვლილებების შესახებ მოქმედების ვადა ხვალ იწურება, თუმცა ის შესაძლოა კიდევ ერთი თვით გადავადდეს. ამასთან დაკავშირებით კანონმდებლებმა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღონ.

ხელისუფლების ოპონენტები აქცენტს იმაზეც აკეთებენ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანო ამ გადაწყვეტილებით საკუთარ უფლებამოსილებას შეიზღუდავს, სამაგიეროდ განუსაზღვრელ უფლებამოსილებას მიანიჭებს გიორგი გახარიას კაბინეტს.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, მსგავს პირობებში და ვითარებაში არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა დაიწყონ.

ოპოზიციის პოზიცია უცვლელია - კანონს ისინი ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამით ადამიანების ფუნდამენტური უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვევა.

"ნებისმიერ მსგავსი უფლების დელეგირება მთავრობისათვის პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. არჩევნების ჩატარება მთავრობისათვის ამ უფლებების ქონის პირობებში გააჩენს სერიოზულ ეჭვს მისი სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების თვალსაზრისით. დაუშვებელია, რომ მთავრობა აღიჭურვოს ამ ანტიკონსტიტუციური უფლებებით," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
რომან გოცირიძემ.

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით დღეს "ევროპული საქართველო" ბოიკოტის დარღვევას და სხდომათა დარბაზში შესვლას აპირებს.

"ჩვენ ვალდებულები ვართ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი ზღუდავს მოქალაქეების პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს. პარლამენტის მიერ ანტიკონსტიტუციურად როცა უნდათ, თავისი სურვილისამებრ ყოველგვარი კრიტერიუმებისა და დათქმების გარეშე მთავრობისათვის პირდაპირ მიცემა უფლებისა, რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, არის სრულიად წარმოუდგენელი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ ხელისუფლება გამარტივებულ პროცედურას საარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენეს.

"ანტიკონსტიტუციურია, რადგან ეს კანონი ფაქტობრივად პარლამენტის გვერდის ავლით მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს იყო ამ კანონამდე შესაძლებელი. ეს ყველაფერი იყო მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პრეროგატივა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

პარლამენტში ამ წუთებში იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების ვადის გახანგრძლივება შეუძლია. კანონში ვადა ივლისამდე იყო გაწერილი, თუმცა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. დეპუტატები პაკეტს სავარაუდოდ დღესვე დაამტკიცებენ.

დღის ამბები