04 აგვისტო 2020,   06:33
ვრცლად
მსოფლიო დენდროფლორის ერთობლიობა, 58 სახეობის ფრინველი და ვარდისფერი ფლამინგოები -  შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა

60 ჰექტარზე გადაჭიმული მსოფლიო დენდროფლორის ერთობლიობა - დღეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის ოფიციალურად გაიხსნა.

ბაღის ტერიტორია 2 ნაწილისგან შედგება. 18 ჰექტარი დაეთმო საქართველოში მოძიებულ ენდემური ჯიშის ხეებს, კოლექცია 29 უნიკალურ სახეობას მოიცავს და ის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება. 42 ჰექტარზე კი თავი მოიყარეს მსოფლიოს 5 კონტინენტიდან ჩამოტანილმა ათასობით ეგზოტიკურმა ხე-მცენარემ. ასწლოვანი, უნიკალური და იშვიათი ხეების გარდა, პარკში გაშენებულია ბამბუკის კორომი.

იქ, სადაც ახლა დენდროლოგიური პარკია, წლების განმავლობაში იყო ჭაობი და მთელი ტერიტორია ხელოვნურად გააშენეს. 

ხელუხლებელი ბუნების ეფექტის შესაქმნელად სპეციალისტები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე, ხელოვნურად გააშენეს ტბაც, სადაც ბინა დაიდეს 58 სახეობის ფრინველმა, მათ შორის ვარდისფერმა ფლამინგოებმა და შავმა გედებმა. ფრინველების უმეტესობა გადაშენების პირას არის და წითელი წიგნის ნუსხაშია შეყვანილი.

ფრინველებისთვის შექმნილი გარემო, მაქსიმალურად არის მიახლოებული მათ ბუნებრივ პირობებთან.

პარკის ტერიტორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და უნიკალური ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს მცენარეთა ადაპტაციის პროცესი. 24 საათიანი მუდმივი მონიტორინგი და სისტემა უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მცენარეთა ზრდის პროცესს, ზომავს ნიადაგის ტენიანობას, ტემპერატურასა და ასევე ახდენს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობის პროგნოზირებას.

დენდროპარკში ვიზიტორებს შემეცნებითი და საგანმანათლებლო ტურები ელოდებათ, სადაც თითოეული ხე-მცენარისა და ფრინველის უნიკალურობას, წარმომავლობასა და ისტორიას გაეცნობიან. ბაღში სტუმრობა დამთვალიერებლებისთვის უფასოა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით და უნიკალურობით გამორჩეულია არა მხოლოდ შავი ზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.

დღის ამბები