03 აგვისტო 2020,   15:50
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 2 მოქალაქე კვლავ უკანონო ტყვეობაშია - სამოქალაქო აქტივისტებმა ერგნეთში აქცია გამართეს

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი უკვე მეცამეტე დღეა, ოკუპანტების მიერ ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. გორის რაიონის სოფელ აძვიდან გატაცებული მამაკაცის გათავისუფლებას ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

უკვე მეხუთე დღეა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ელოდება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის ოჯახი. ოკუპანტების მიერ დაჭრილს ამჟამად ცხინვალის ჰოსპიტალში მკურნალობენ. ოკუპანტებმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრის ნახვის საშუალება არ მისცეს.

დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და მოწოდებები დეოკუპაციასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებმა ერგნეთში აქცია გამართეს. რუსეთის ქმედებები, თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე და მათი გატაცება, საოკუპაციო ხაზთან დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

საოკუპაციო ხაზთან დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმის ამოქმედებისა და მათი ოჯახებში უვნებლად დაბრუნების გზების მოძებნაზე საუბრობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას განცხადებით ადამიანების უფლებების მსგავს, უხეშ დარღვევებს შესაბამისი საერთაშორისო რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ოკუპანტების მიერ გატაცებულების საქმეზე განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ უკანონო ქმედებების დასაგმობად ყველა გზას იყენებს.

ხვიჩა მღებრიშვილი რუსული ოკუპაციის მსხვერპლი 3 ივლისს, ხოლო ზაზა გახელაძე 10 ივლისს გახდა. უკანონო პატიმრობაში მყოფები ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დღის ამბები