14 აგვისტო 2020,   18:24
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა გარდაცვლილის ოჯახთან შეხვედრას ითხოვს 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი მოსამართლე სოფიო ლეჟავამ კვლავ პატიმრობაში დატოვა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მთავარი მოთხოვნა გაითვალისწინა და პატიმრობა უცვლელად დატოვა.

"მერსედესისა" და "ქამრის" ეპიზოდების, ასევე მცხეთაში დარჩენილი ორი არასრულწლოვნის ადვოკატები გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ.

არცერთი არასრულწლოვანი და ასევე ახლა უკვე სრულწლოვანი გიორგი მერაბიშვილი ბრალს არ აღიარებენ და წარდგენილი მუხლების მიხედვით თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ჩიხშია, მიზეზად კი საქმის ოქროს მოწმეების მხრიდან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს ასახელებს. გიორგი გელხაურის მტკიცებით, გამოძიებასთან დროულად არა ბრალდებულებმა, არამედ გიორგი შაქარაშვილის თანმხლებმა პირებმა არ ითანამშრომლეს.

წინა სასამართლო სხდომას არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ზ.ხ.-ს მამა სასამართლო ეზოში გიორგი შაქარაშვილისა და მისი ბიძის მირიან ნიკოლაძის გამოსახულებიანი მაისურით მოვიდა. მისი თქმით, ბიძას საქმის გახსნის სურვილი არ აქვს, გიორგი შაქარაშვილის მკვლელები კი უნდა დაისაჯონ. ამასთან, ზ.ხ.-ს კანონიერმა წარმომადგენელმა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა ინფორმაციის მიწოდების მიზნით ითხოვა.

შაქარაშვილის ოჯახი მზად არის  ბრალდებულის უფლებადამცველს შეხვდეს და დეტალები სწორედ მასთან განიხილოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზოში უკვე მეორე პროცესია, სადაც გიორგი შაქარაშვილის მეგობრები მიდიან და მდუმარე აქციით გარდაცვლილის სურათიანი მაისურებით საკუთარ პოზიციას გამოხატავენ. 

"კურიერმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდებს ნაძალადეველების გულშემატკივრებმა მაისურების შინაარსი დაუწუნეს. ფაქტის გადამოწმებას არასრულოვნების მეგობართან "კურიერის" გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

ე.წ. ნახალოვკელებთან ერთად დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის ერთ-ერთი დაზარალებული ნ.ხ.გამოჩნდა. ეს არის პირი, რომელსაც 18 ივნისის ღამეს აგარაკზე კიბის ეპიზოდის დროს გაუსწორდნენ. არასრულწლოვანი ნარაკვევიდან თბილისში წამოსვლის შედეგ უბნელ რატი ტუსიაშვილს დაუკავშირდა და დახმარებას სთხოვა.

ის სწორედ მასთან ერთად, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემგზავრა, მაგრამ ჩვენებების მიხედვით შემთხვევის ადგილამდე ვერ მივიდა. რატი ტუსიაშვილი ნ.ხ.-ს პირველ ჩვენებაში არ უხსენებია, ბოლოს გამოკითხვის დროს კი გამომძიებელთან განმარტა, რომ მომხდარის დეტალები არ ახსოვდა. მის ელექტრონულ მიმოწერებში გამოძიებამ ბევრი საინტერესო ფაქტი ამოიკითხა, თუმცა ნ.ხ. გამოძიებას ეუბნება, რომ არ ახსოვს, ვისზე არის საუბარი და ვის უგზავნის მსგავსი შინაარსის წერილებს. დღეს მან მედიის არცერთ კითხვას არ უპასუხა.

6 არასრულწლოვანს გამოძიება ძალადობას, ძალადობაში ორგანიზებასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. მომდევნო სასმართლო სხდომა 5 აგვისტოს ჩაინიშნა, სადაც მხარეები მტკიცებულებათა გამოკვლევაზე იმსჯელებენ

დღის ამბები