14 აგვისტო 2020,   17:56
ვრცლად
გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ისევ ურთიერთბრალდებების საბაბი გახდა

გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ისევ ურთიერთბრალდებების საბაბი გახდა. 20 ოპოზიციური პარტია "ქართულ ოცნებას" 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

პარტიებმა ერთობლივი განცხადება მოამზადეს და დაწერეს, რომ რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლო მორჩილია და რომ რურუას საქმე მხოლოდ ამ კონკრეტული პირის პერსონალურ ბედს არ ეხება და მისი პატიმრობაში დატოვება წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას კი, ოპოზიცია პრეზიდენტის შეწყალებაში ხედავს.

საპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებშიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განეიტრალება პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას შეუძლია. ასეთი გადაწყვეტილება კი მას რამდენიმე თვის წინ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით უკვე მიღებული აქვს.

ოპონენტებს მმართველ პარტიაში პასუხობენ, რომ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და არც ის იციან, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი შეწყალების უფლებას.

გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას "ტვიტერზე" ევროპარლამენტარი გამოეხმაურა. ანდრიუს კუბილიუსი ინტერესდება, თუ რა ნაბიჯს გადადგამს პრეზიდენტი. 

კუბილიუსისგან განსხვავებით, შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირ მოუწოდებს - რურუა შეიწყალოს.

სენატორის და ევროპარლამენტარის პოზიციები გაუგებარია მმართველი პარტიისთვის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ განცხადებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე მიუღებელია.

პოლიტიკოსებს 8 მარტის შეთანხმებას საქართველოში ამერიკის ელჩიც ახსენებს. კელი დეგნანმა დღის ბოლოს ამ თემაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და აქცენტი კვლავ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილებაზე გააკეთა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გასულის წლის ნოემბერში დააკავეს. გუშინ კი მას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

დღის ამბები